ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შსს-ს წარმომადგენლებს, პროკურატურასა და სახალხო დამცველს შორის შესაძლოა, სამუშაო შეხვედრა გაიმართოს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შსს-ს წარმომადგენლებს, პროკურატურასა და სახალხო დამცველს შორის შესაძლოა, სამუშაო შეხვედრა გაიმართოს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შსს-ში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად ბრალის წარდგენის პრეროგატივა პროკურატურას აქვს, საუბარი სწორედ ამ უწყებასთან უნდა გაიმართოს.
ლომჯარიას განმარტებით, აღნიშნული შეხვედრა შესაძლოა კვირის ბოლოს შედგეს.
„ვფიქრობ, საქმიანი შეხვედრა იყო. მიღებულ ქნა გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალის წარდგენა პროკურატურის პრეროგატივაა, ამ საკითხებზე პროკურატურასთან შეხვედრა სამუშაო ფორმატში გაგრძელდეს. მეც გამოვხატე მზადყოფნა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიიღოს ამ შეხვედრაში მონაწილეობა. ყველა მხარემ გამოხატა მზადყოფნა პროკურატურასთან შეხვედრის. ალბათ, უახლოეს პერიოდში მოხდება ორგანიზება, თუ მათი მხრიდან იქნება შეხვედრის სურვილი. შსს-ს პოზიცია იყო ის, რომ ვინაიდან ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პროკურატურა იღებს, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით სასაუბროა პროკურატურსთან“, – განაცხადა ლომჯარიამ.
კითხვაზე, იქნება თუ არა პროკურატურასთან შეხვედრაზე საუბარი მ.კ-ს ბრალის წაყენების საკითხზე, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ამას ახლა ვერ დააკონკრეტებს, თუმცა საუბარი იქნება ზოგადად, გამოძიების მიმდინარეობასა და ბრალის წარდგენის სტანდარტებზე.
„სავარაუდოდ, მსჯელობა ასევე იქნება საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება რამდენად შესაძლებელია და რა არის მათი პოზიცია“, – განაცხადა ლომჯარიამ.
რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელი შეხვედრის სასაუბრო საკითხს, ლომჯარიას თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო შსს-ს მხრიდან განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებზე. ამასთან, ისაუბრეს კონკრეტული პირების მიმართ, არსებობს თუ არა ბრალის წარდგენის სტანდარტები, რასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა მოსაზრება იყო განხილული.
რაც შეეხება კომისიის რეკომენდაციას, მესამე პირის დაჭრის შემთხვევაზე დაიწყო თუ არა გამოძიება, ლომჯარიას ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია.
„როგორც ვიცი, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ლომჯარიამ.