ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული დ.ღ.-ს სასამართლო პროცესი განახლდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული დ.ღ.-ს სასამართლო პროცესი განახლდება.
დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლევენ პროკურორ ზვიად ფხაკაძის და ინა გუგუშვილის იმ ჩვენებებს, რომლებიც მათ ზაფხულში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის ფარგლებში დეპუტატებს მისცეს.
დახურულ სხდომაზე მოხდება ვიდეოჩანაწერის ჩვენება. მკვლელობის საქმის განხილვისას, საქალაქო სასამართლოში სწორედ ზვიად ფხაკაძე და ინა გუგუშვილი იყვნენ საქმის ზედამხედველი პროკურორები და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდებას წარმოადგენდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე პროკურატურამ დაცვის მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო, დაცვის მხარეს მაინც აქვს უფლება, სასამართლოში საკუთარი მტკიცებულებები წარადგინოს, მოახდინოს მათი დემონსტრირება და არა გამოკვლევა.
აღნიშნული ჩვენებები გუშინდელ სხდომაზე უნდა გამოეკვლიათ, თუმცა სასამართლოს დრო აღარ ჰქონდა. გუშინ დაცვის მხარემ სხდომაზე მოიტანა ზვიად კუპრავას ჩვენება, რომელიც მან ასევე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს მისცა.
დ.ღ. შარშან, ზაფხულში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ის შეხვდა დაზარალებულ ზაზა სარალიძეს და მას მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებზე ესაუბრა, თუმცა შემდეგ, სასამართლოში ამის შესახებ არ უსაუბრია.
დ.ღ. თავს უდანაშაულოდ ცნობს. თითქმის ექვსი თვის განმავლობაში ის დაპატიმრებული იყო, თუმცა რამდენიმე კვირის წინ გირაოთი გათავისუფლდა.