ხონის მუნიციპალიტეტში მაღალჩინოსნები თანამდებობებს ტოვებენ
ხონის მუნიციპალიტეტში მაღალჩინოსნები თანამდებობებს ტოვებენ

ხონის მერის მოადგილე  გელა ჩოგოვაძე, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ზაზა რუხაძე და მათთან ერთად სხვა საჯარო მოხელეები თანამდებობებს ტოვებენ, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ დაუდასტურა.

გელა ჩოგოვაძეს, ზაზა რუხაძესა და სხვა საჯარო მოხელეებს სასამართლომ პირობითი მსჯავრი მიუსაჯა და ჯამში 40 000 ლარით დააჯარიმა.

„მათ წარმოადგინეს უკვე სასამართლოს განჩინებები და წერენ განცხადებებს”, – განუცხადა პირველ არხს ლადო ჯურხაძემ.

მისი თქმით, თანამდებობას დატოვებს ექვსი პირი, მათ შორის მერიის ოთხი თანამშრომელი, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ზაზა რუხაძე და საკრებულოს ერთი თანამშრომელი.

შეგახსენებთ, აღნიშნულ პირებს ბრალი სოფელ კინჩხაში ნახევარი ჰექტარი მიწის არაკანონიერად გასხვისებაში წარუდგინეს. გამოძიება 2016 წელს დაიწყო და განაჩენი წელს, აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა. საქმის განხილვა თბილისის სასამართლოში გაიმართა.