ხომალდმა New Horizons-მა გარე მზის სისტემაში გაიღვიძა და ისტორიული მისიისთვის ემზადება
NASA-ს ზონდმა New Horizons-მა, რომელმაც 2015 წელს პლუტონის თვალწარმტაცი ფოტოები გამოგვიგზავნა, რამდენიმე დღის წინ დედამიწიდან 6 მილიარდი კილომეტრის მანძილზე გამოიღვიძა.
ხომალდი ამჟამად კოიპერის სარტყელში მიფრინავს. 2019 წლის 1-ელ იანვარს, მას წინ ელის ამაღელვებელი მისია — პირველად ისტორიაში, უნდა გადაუფრინოს კოიპერის სარტყლის ობიექტს, სახელად ულტიმა-თულე.
ამ ობიექტის ოფიციალური სახელია 2014 MU69 და მდებარეობს პლუტონიდან 1,6 მილიარდი კილომეტრის მოშორებით. New Horizons-ის ჯგუფის ცნობით, ის იქნება პირველი პრიმიტიული და ყველაზე შორს მდებარე პლანეტური სხეული, რომელსაც ოდესმე შეხვედრია ჩვენი რომელიმე ხომალდი.
New Horizons-მა თავი ყველას დაგვამახსოვრა 2015 წელს, როდესაც პლუტონს გადაუფრინა და გასაოცარი ფოტოები გადაუღო. კარგად ჩანდა ჯუჯა პლანეტის გულის ფორმის მახასიათებელიც. ხომალდმა მეცნიერებს წარმოუდგენლად დიდი ოდენობის მონაცემები გამოუგზავნა.
თუმცა, 2017 წლის 1-ლი დეკემბრიდან, რესურსების დაზოგვის მიზნით, New Horizons-ი ძილის რეჟიმში გადაიყვანეს, რათა უპრობლემოდ განაგრძოს წარმოუდგენლად ამაღელვებელი ტურნე გარე მზის სისტემაში.
რამდენიმე დღის წინ, რადიოსიგნალებმა დაადასტურა, რომ New Horizons-მა შეასრულა ბორტკომპიუტერის ბრძანებები და ძილის რეჟიმიდან გამოვიდა.
„ჩვენი ჯგუფი უკვე აქტიურად აწყობს გეგმებს და აკეთებს სიმულაციებს ულტიმა-თულესთან შესახვედრად. New Horizons-ი კვლავ აქტიურ მდგომარეობაში გადავიდა და აგვისტოს ბოლოდან გადაფრენის ოპერაციებისთვის სამზადისს დაიწყებს“, — ამბობს მისიის მთავარი მეცნიერი ალენ სტერნი.
ჯგუფი ამჟამად სანავიგაციო მონაცემებს აგროვებს და ხომალდს ბრძანებებს უგზავნის, რათა დაიწყოს ობიექტთან გადაფრენის მოსამზადებელი ოპერაციები.
მიუხედავად იმისა, რომ ამ იდუმალ ობიექტს ის რამდენიმე თვის შემდეგ მიაღწევს, პლანეტარული თვალსაზრისით ის არც თუ ისე შორსაა.
ამჟამად, New Horizons-ს ულტიმა-თულესთან 262 მილიონი კილომეტრი აშორებს (შედარებისათვის — მზესა და დედამიწას შორის მანძილი 150 მილიონი კილომეტრია) და ყოველდღიურად 1 223 420 კილომეტრით უახლოვდება.
მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით