ხომალდმა „ჯუნომ“ მზის სისტემის უდიდეს მთვარეს ჩაუფრინა და დეტალური ფოტოები გადაუღო — #1tvმეცნიერება
უამრავი კრატერით დაფარული, რუხი, კოსმოსის წყვდიადში ჩაკარგული განიმედე ძლიერ ჰგავს ჩვენს მთვარეს. თუმცა, ეს ყინულოვანი სხეული ჩვენგან 650 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული და წარმოადგენს მზის სისტემაში უდიდეს ბუნებრივ თანამგზავრს. ის იუპიტერის გარშემო მოძრაობს.
NASA-ს ხომალდი „ჯუნო“ იუპიტერთან 2016 წელს გაუშვეს. რამდენიმე დღის წინ მან განიმედეს 1000 კმ მანძილზე ჩაუფრინა. ოც წელიწადზე მეტია, ამ მთვარესთან ასე ახლოს არც ერთი კოსმოსური ხომალდი არ მისულა. უკანასკნელად მას NASA-ს ხომალდი „გალილეო“ მიუახლოვდა, 2000 წელს.
„ჯუნოსთვის“ გადაფრენის 25 წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რომ განიმედესთვის ხუთი ფოტო გადაეღო.
NASA ორ ფოტოს უკვე აქვეყნებს; ისინი ამ უზარმაზარი მთვარისთვის გადაღებული ყველაზე დეტალური სურათებია ისტორიაში.
„ათწლეულებია, განიმედესთან ასე ახლოს არც ერთი ხომალდი არ მისულა. სამეცნიერო დასკვნების გასაკეთებლად დრო გვჭირდება, მაგრამ იქამდე შეგვიძლია უბრალოდ დავტკბეთ ამ ციური სასწაულით — ერთადერთი მთვარით მთელ მზის სისტემაში, რომელიც პლანეტა მერკურიზე დიდია“, — ამბობს „ჯუნოს“ მისიის ხელმძღვანელი სკოტ ბოლტონი.
მეცნიერებმა იციან, რომ 800 კმ სისქის ყინულის საფარის ქვეშ, განიმედე მლაშე წყლის ოკეანეს მალავს. ამ ოკეანეში სავარაუდოდ დედამიწაზე მეტი წყალია. ამას გარდა, განიმედე ერთადერთი მთვარეა მზის სისტემაში, რომელსაც საკუთარი მაგნიტური ველი აქვს; ეს მაგნიტური ველი მის პოლუსებთან ციალსაც წარმოქმნის. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ჯუნოს მიერ გადაფრენისას შეგროვებული მონაცემებით უფრო მეტს შეიტყობენ მისი ყინულის საფარისა და მაგნიტური ველის შესახებ.
პირველ ფოტოზე ყინულით დაფარული განიმედეს ერთ გვერდს თითქმის მთლიანად ხედავთ. თითოეული პიქსელი დაახლოებით ერთ კილომეტრს უდრის.
ფოტო გადაღებულია ჯუნოს კამერის მწვანე სინათლის ფილტრით. უახლოეს დღეებში NASA ხომალდისგან უფრო მეტი სურათის მიღებას ელოდება, მათ შორის წითელი და ლურჯი ფილტრებით გადაღებულებს. შედეგად, შესაძლებელი იქნება განიმედეს ფერადი პორტრეტის შექმნა.
გარდა ამისა, განიმედეს ბნელ მხარეს შავ-თეთრი ფოტო გადაიღო ჯუნოს სანავიგაციო კამერამაც.
მისი დანახვა მხოლოდ იუპიტერის მიერ გაფანტული სინათლის წყალობით არის შესაძლებელი.
მომზადებულია jpl.nasa.gov-ის მიხედვით.