მამაკაცი, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, დღეს დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ექიმის განცხადებით, 50 წლის მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მისივე თქმით, მამაკაცი საავადმყოფოში მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებით შეიყვანეს.
რაც შეეხება, თავდასხმის შედეგად დაშავებულ 77 წლის ქალს, ის თავდაპირველად ხობის საავადმყოფოში შეიყვანეს თავში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით, ამ დროისათვის კი, ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში საკუთარ საცხოვრებელ სახლში მამაკაცი დღეს დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრის შემდეგ თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, რა დროსაც მეზობელ სახლში შევიდა. გავრცელებული ცნობით, მან აღნიშნულ სახლში მყოფ ქალს სკამის დარტყმით დაზიანებები მიაყენა.მეზობლების ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა ის სოფლის ტერიტორიაზე დააკავეს.
მათივე ცნობით, თავდამსხმელი 1996 წელს დაბადებული პირია, რომელიც თბილისში ცხოვრობს და სამეგრელოში სტუმრად იმყოფებოდა.