ხმალი, რომელიც ასლი ეგონათ, 3000 წლის წინანდელი იარაღი აღმოჩნდა — #1tvმეცნიერება
1930-იან წლებში, ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის ნაპირებზე ბრინჯაოს ძველი, შელახული ხმალი იპოვეს.
ერთი შეხედვით ბრინჯაოს ხანის უნგრულ იარაღს წააგავდა, მაგრამ ჩათვალეს, რომ ის შუა საუკუნეებში ან უფრო გვიან დამზადებული ასლი იყო.
მას შემდეგ, თითქმის საუკუნის განმავლობაში, ხმალი ჩიკაგოს ბუნების ისტორიის საველე მუზეუმში იყო გამოფენილი, როგორც უბრალოდ ასლი. თუმცა, შარშან, როდესაც მუზეუმი ძველევროპელ მეფეთა თემაზე გამოფენისთვის ემზადებოდა, სტუმრად მყოფმა უნგრელმა არქეოლოგმა (რომლის სახელიც არ საჯაროვდება) ხმალს ერთი შეხედა და თქვა, რომ ის ავთენტური იყო.
„გამოვიღეთ, შეხედა და დაახლოებით 20 წამში თქვა, რომ ის ასლი არ იყო“, — ამბობს მუზეუმის ანთროპოლოგიის კურატორი უილიამ პარკინსონი.
თუმცა, პარკინსონი ამაში დარწმუნებული არ იყო. მას სურდა, რენტგენული სხივებით შეემოწმებინა, იყო თუ არა ხმალი სპილენძისა და კალის მართლაც შესაბამისი კომბინაციისგან გამოჭედილი, როგორც ეს ამ რეგიონის ბრინჯაოს ხანის სხვა იარაღებშია.
და მართლაც, ხმლის ქიმიური შემადგენლობა სხვა არტეფაქტებისას დაემთხვა.
„როგორც წესი, უფრო პირიქით ხდება ხოლმე — ის, რაც ორიგინალი გვგონია, ხშირად ყალბი აღმოჩენილა“, — ამბობს პარკინსონი.
ექსპერტები ახლა ფიქრობენ, რომ უძველესი ხმალი დუნაის წყალში ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 1080 – 900 წლებს შორის პერიოდში, სარიტუალო მიზნებით ჩააგდეს, სავარაუდოდ რაიმე ბრძოლის აღსანიშნავად ან საყვარელი ადამიანის სიკვდილისას, რაც იმ პერიოდის ევროპაში გავრცელებული ტრადიცია იყო.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.