ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები [ვიდეო]

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მძიმე ტექნიკა სტიქიის ადგილამდე მივიდა. მეწყრის ჩამოწოლის ადგილას მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის ადგილზე 10-მდე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადგილობრივ ჯგუფებს სამძებრო სამუშაოებში კოლეგები მეზობელი რეგიონებიდანაც დაეხმარებიან. მისი თქმით, ჯგუფები უკვე მიემართებიან აჭარისკენ.

ადგილზე რჩებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ასევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მეწყერმა სახლი წაიღო, მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოები. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, მეწყერის ქვეშ ხუთი ადამიანია მოყოლილი.