საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოები

ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, მიმდინარეობს მოქალაქეთა სამძებრო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსულია 400-მდე შეტყობინება.

„თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.

შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს. რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები.

მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ცნობით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით უწევენ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას.

„სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.

აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან – სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით.

ამ დროისთვის ყველა შეტყობინებაზე მომხდარია რეაგირება“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.