ხელვაჩაურში საპატრულო ეკიპაჟს ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია პატრულის თანამშრომელი
ხელვაჩაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაშავდა. პატრულის ავტომანქანას, რომელიც ხელვაჩაურის გზაზე იყო გაჩერებული, გვიან ღამით სწრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
„საპატრულო ავტომანქანა გაჩერებული იყო, რა დროსაც მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. პოლიციელი დაშავდა. აღმოჩნდა, რომ მოქალაქე ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს“, – განუცხადეს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საპატრულო პოლიციის დაშავებულ თანამშრომელს დახმარება ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში აღმოუჩინეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ის მსუბუქად არის დაშავებული.