საუკუნეების განმავლობაში, ის იყო წიგნი, რომლის წაკითხვა ძეხორციელს არ შეეძლო. თუმცა, მისი გაშიფვრა შეიძლება ბოლოსდაბოლოს შევძლოთ — ამ წიგნის დაწერიდან თითქმის ხუთასი წლის შემდეგ შექმნილი მანქანების წყალობით.
ვოინიჩის ხელნაწერი, რომელსაც ხშირად მსოფლიოს ყველაზე იდუმალ წიგნს უწოდებენ, შედგება გაურკვეველ, სრულიად უცხო ენაზე დაწერილი 240 გვერდისგან; თან ახლავს უცნაური დიაგრამები და ილუსტრაციები. აქვს ჩაკეცილი, გასაშლელი გვერდებიც, რაც საკმაოდ საოცარია ადრეული მე-15 საუკუნის წიგნისთვის.
საქმე ისაა, რომ არავინ იცის, რა წერია, რას ეხება ტექსტი. საუკუნეთა განმავლობაში, უძველეს თხელ პერგამენტზე შესრულებული ტექსტის მნიშვნელობის გარკვევის ყოველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.
წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა, ხან ალქიმიკოსების საკუთრება იყო, ხანაც იმპერატორების, სანამ საბოლოოდ, 1912 წელს პოლონელი წიგნებით მოვაჭრის, ვილფრიდ ვოინიჩის ხელში აღმოჩნდებოდა. უნებლიეთ, საიდუმლო წიგნს მისი სახელი უწოდეს.
მას შემდეგ, ვოინიჩის ხელნაწერის საიდუმლოს გამომჟღავნება არაერთმა კრიპტოგრაფმა თუ ლინგვისტმა სცადა, თუმცა ყველა მათგანი უძლური აღმოჩნდა გაერკვია, თუ რა ეწერა უცნობი დამწერლობით შესრულებულ გვერდებზე, რომლებზეც ალაგ-ალაგ ასევე გამოსახულია უცნაური მცენარეები, სიმბოლოები და ქალი, რომელიც ბანაობს.
თუმცა ამჯერად, კანადელ კომპიუტერულ მეცნიერთა წყალობით, შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს.
უძველესი ხელნაწერის გარკვეულ სექციათა გასაშიფრად, ალბერტას უნივერსიტეტის მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს, კონკრეტულად კი ალგორითმული დეშიფრაციის მეთოდი. მათი მიზანი იყო საბოლოოდ ამოეხსნათ უცნაური წიგნის სიტყვებს მიღმა დამალული დაშიფრული ენის საიდუმლო.
როგორც მკვლევართა ჯგუფი გამოქვეყნებულ დოკუმენტში განმარტავს, უცნობი სიმბოლოების ოდენობიდან გამომდინარე, ეს საქმე ადვილი ნამდვილად არაა.
„ვოინიჩის ხელნაწერი შესრულებულია უცნობი შრფიტით, რომლითაც დაშიფრულია უცნობი ენა. ეს გახლავთ გაშიფვრის პრობლემის ყველაზე გამომწვევი ტიპი“, — წერენ ავტორები.
თავიანთ ალგორითმი მკვლევრებმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 380 სხვადასხვა თარგმანზე მოსინჯეს. 97% შემთხვევაში, სისტემამ ენის იდენტიფიცირება სწორად მოახდინა.
ამის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტი მათ ვოინიჩის ხელნაწერის ფურცლებისკენ მიმართეს; მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ ის შესაძლოა, არაბულად ყოფილიყო შესრულებული. თუმცა, ხელოვნური ინტელექტი მათ არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ ყველაზე სავარაუდო წყარო ებრაული იყო. ყველაზე ნაკლებად კი მიუთითა ისეთ დამწერლობებზე, რომლებიც შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული არ ყოფილა.
მკვლევართა აზრით, შიფრის მოქმედება ებრაულ ენაზე, შესაძლოა, ანბანური რიგით მოწესრიგებული ანაგრამების მაგალითი იყოს, სიტყვებში ასოების თანმიმდევრობის გადალაგება ხმოვნების გამოტოვებით.
პირველი ათი გვერდის გაშიფვრის მცდელობისას, ხელოვნურმა ინტელექტმა შერეული შედეგები დადო.
„როგორც ჩანდა, სიტყვების 80% ებრაულ ლექსიკონში იყო, მაგრამ არ ვიცოდით, ექნებოდათ თუ არა მათ ერთობლივად რაიმე მნიშვნელობა“, — ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, კომპიუტერული ლინგვისტი გრეგ კონდრაკი.
მას შემდეგ, რაც ვერ ნახეს ებრაულის მკვლევარი, რომელიც მათი აღმოჩენების დადასტურებას შეძლებდა, მკვლევრებმა კვლავ Google Translate-ს მიმართეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში გარკვეული ხარვეზების შესაძლებლობას აცნობიერებენ, ტექსტში დამთხვევა მაინც შენიშნეს.
ვოინიჩის ხელნაწერის „მცენარეულ“ თავში, რომელიც მოიცავს რამდენიმე სახის მცენარის ნახატებს, გამოჩნდა ბოტანიკასთან დაკავშირებული მრავალი ტერმინი, მაგალითად — გლეხი, სინათლე, ჰაერი და ცეცხლი.
შემთხვევითია? შეიძლება სულაც არა.
როგორ იწყება მსოფლიოში ყველაზე იდუმალი წიგნები? ამ შემთხვევაშიც საკმაოდ გაურკვევლად.
„აკეთებს რეკომენდაციებს მღვდლებისთვის, ოჯახის ხელმძღვანელებისა და ხალხისთვის“, — ხელოვნური ინტელექტის დასკვნის მიხედვით, ეს ვოინიჩის ხელნაწერის პირველი სიტყვებია.
რეკომენდაციები ბოტანიკაში? ჯგუფის თქმით, ამის დარწმუნებით თქმა შეუძლებელია.
„გრამატიკულად წინადადება გამოდის, თუმცა შესაძლებელია მისი ინტერპრეტაცია. ხელნაწერის დასაწყებად გარკვეულწილად უცნაური წინადადებაა“, — ამბობს კონდრაკი.
ჯგუფი აცნობიერებს, რომ უფრო მეტი ნაწილის გასაშიფრად, დასჭირდებათ ძველი ებრაულის ისტორიკოსთა დახმარება. ამავე დროს, ეს ერთადერთი გამოსავალია, რათა საბოლოოდ დამტკიცდეს, რომ ხელოვნური ინტელექტი სწორ გზას დაადგა და საქმე არ გვაქვს ალგორითმის მიერ დაშვებულ შეცდომასთან.
„ამ სექციაში წარმოდგენილი შედეგები შეიძლება რამდენიმენაირად ინტერპრეტირდეს. მათ შორის, დამტკიცდეს, რომ ვოინიჩის ხელნაწერის წყარო მართლაც ებრაულია ან უბრალოდ აღმოჩნდეს იმის დამადასტურებელი არტეფაქტი, თუ რამხელა ძალაუფლება ჰქონდა ანაგრამების კომბინაციებსა და ენის მოდელებს“, — წერენ მკვლევრები.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ალგორითმული გაშიფვრის მეთოდი შეიძლება მხოლოდ საწყისი წერტილი აღმოჩნდეს იმ მეცნიერთათვის, რომლებიც კარგად არიან გათვითცნობიერებული კონკრეტულ ენასა თუ ისტორიულ პერიოდში“.
იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი რამ არ ვიცით ჯერ კიდევ, ჩვენ წინაშეა ახალი საშუალება, რომელმაც შეიძლება საბოლოოდ ამოგვახსნევინოს უძველესი გამოცანა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ვოინიჩის ხელნაწერის გაშიფვრით შეპყრობილი საზოგადოების ნაწილი, ამ ჯგუფის მიერ შემუშავებულ ხელოვნური ინტელექტის მიდგომას არ ენდობა.
„ვფიქრობ, ამ სახის კვლევებისადმი ისინი არამეგობრულად არიან განწყობილი“, — უთხრა კონდრაკმა კანადურ პრესას და იქვე აღნიშნა, რომ ნამდვილად არსებობს სამომავლო აღმოჩენების შანსი, თუკი ებრაული ენის ჰიპოთეზა მართებული გამოდგება.
„ვიღაცამ, ვინც ძალიან კარგად იცის ებრაული და არის ამავე პერიოდის ისტორიკოსი, შეიძლება ყველაფერი საბოლოოდ დაადასტუროს ან უარყოს.
კვლევა Transactions of the Association of Computational Linguistics-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია cbc.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით