ხელოვნების სასახლეში წიგნის „1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ პრეზენტაცია გაიმართა [ფოტო]
ხელოვნების სასახლეში წიგნის „1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ პრეზენტაცია გაიმართა.
300 გვერდიანი, ორენოვნი წიგნი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხელოვნების სასახლის მიერ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მომზადდა.
პრეზენტაციას პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. მისი თქმით, აღნიშნული წიგნი სიმბოლოა იმისა, რა შეუძლია დამოუკიდებლობას.
„დამოუკიდებელი, თავისუფლების სული არის ის, რაც გვაძლევს შემოქმედების საშუალებას, ძალას, უნარს და ძალიან კარგად ჩანს, ამ სამი წლის მანძილზე როგორ გაიშალა ქართული ნიჭი პრაქტიკულად ყველა დარგში. წარმოუდგენელია, რომ ასეთმა პატარა ქვეყანამ სამ წელიწადში ხელოვნების დარგში ყველა მიმართულებით შეძლო ამდენი შედევრის შექმნა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ეს არის ნიჭის, თავისუფლების, პასუხისმგებლობისა და ძალიან ბევრი შრომის შედეგი.
„ეს გამოგვყვა და გამოყვა საქართველოს მთელ იმ მძიმე შავ პერიოდში, როცა საბჭოთა წნეხი არსებობდა, ამის მეშვეობით გაგრძელდა საქართველოს კულტურისა და ხელოვნების განვითარება. ეს საწყისი და ძლიერი საფუძველი რომ არ ყოფილიყო, ალბათ ვერ გაძლებდა საქართველოს ხელოვნება და საზოგადოება ვერ გაუძლებდა, რაც იყო იმ პერიოდში, მძიმე ტერორი და მძიმე წლები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა წიგნის პრეზენტაციაზე.
წიგნი „1918-1920 წლების ქართული ხელოვნება“ დღემდე გამოუქვეყნებელ, უნიკალურ საარქივო მასალებს აერთიანებს და მკითხველს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელოვნებასა და კულტურაზე ბევრ საინტერესო და აქამდე უცნობ ფაქტებზე უყვება.