ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო ფორუმი - ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო ფორუმი ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“ გაიხსნა. ქართველოლოგიის საერთაშორისი სკოლა ლუვენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
ფორუმის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის მნიშვნელობის აქცენტირება, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება, კორნელი კეკელიძის, ილია აბულაძის, ელენე მეტრეველის მიერ დამკვიდრებული ქართველოლოგიური სამეცნიერო ტრადიციების გაგრძელება. ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლა გათვალისწინებულია ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლით დაინტერესებული უცხოელი და ქართველი მკვლევარებისთვის.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაგეგმილია 23 ლექცია, მათ შორის – ორი გასვლითი, სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდი, ბოლნისის სიონი, მცხეთა, ატენის სიონი), სამი ვორქშოფი, ინტერაქტიული პროგრამა და გამოფენა.
სკოლის მსმენელებს კვლევების შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ ცენტრის წამყვანი მეცნიერები, რომლებიც ათეული წლების მანძილზე სწავლობენ ცენტრში დაცულ ხელნაწერებს, ისტორიულ დოკუმენტებს, საარქივო მასალას. სკოლის ფარგლებში ასევე ლექციებს წაიკითხავენ უცხოელი მკვლევარები. აღსანიშნავია, რომ ისინი წინა წლის საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები არიან.
საზაფხულო სკოლის დასრულების შემდგომ გაიხსნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“, რომელზეც მოხსენებებით წარსდგებიან სკოლის ქართველი და უცხოელი მსმენელები და ლექტორები.
კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლის სფეროში დაგროვებული ცოდნის შეჯამებას, აქტუალური საკითხების წინ წამოწევას ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის სხვადასხვა სფეროების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვას.
ფორუმში „ქართული ხელნაწერი“ 10-მდე ქვეყნის მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას. სამეცნიერო შეხვედრები 20 ივლისამდე გასტანს.