საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა ბუქარესტში ინტერვიუ ჩაწერა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ხავიერ კოლომინასთან. ბუქარესტში ნატო-ს მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც მონაწილეობდა. ხავიერ კოლომინა საუბრობს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე, საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელებასა და ამ პროცესში ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
– რა იქნება გზავნილი ბუქარესტიდან, მით უმეტეს, რომ ნატო-ს მინისტერიალზე შავი ზღვის უსაფრთხოება ორდღიანი დისკუსიის მთავარი თემა იყო.
ბუქარესტი ჩვენთვის სიმბოლური ადგილია, სადაც 2008 წელს ნატო-ს სამიტს ვუმასპინძლეთ. ეს ადგილი სიმბოლურია თქვენთვის და უკრაინისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ამ სამიტზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ვიცავთ ყველა სამიტზე. მინისტრებიც ადასტურებენ თავიანთ განცხადებებში, რომ შავი ზღვის, ისევე როგორც ბალკანეთისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნები, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყნები არიან. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ და ეფექტურ მუშაობას თქვენს შეიარაღებულ ძალებთან, თავდაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრებთან. პოლიტიკური დიალოგი აქტიურია, მინისტრი დარჩიაშვილი აქ არის. მხოლოდ 2022 წელს საქართველო მონაწილეობდა ოთხ სხვადასხვა მინისტერიალში, პრემიერი ღარიბაშვილი ესწრებოდა მადრიდის სამიტს, მადრიდში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე შეხვედრები მქონდა საქართველოს დელეგაციასთან. ასე რომ, ვფიქრობ, პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან კარგად აჩვენებს საქართველოსა და შავი ზღვის მნიშვნელობას ალიანსისთვის.
– თქვენც აღნიშნეთ, რომ ბუქარესტს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. 14 წლის წინ ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, მაგრამ მიიღო ასევე პოლიტიკური გადაწყვეტილება, ორივე ქვეყნისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის, MAP-ის მინიჭებაზე უარი ეთქვა. ამ გადაწყვეტილებიდან ძალიან მალე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა, ახლა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ვადევნებთ თვალს. ამ გადასახედიდან, რა არის ის, რისი შეთავაზებაც ნატო-ს საქართველოსთვის შეუძლია?
როგორც იცით, გადაწყვეტილება ძალაშია და ჩვენ კვლავაც ამ აზრზე ვართ. ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, ლიდერობისთვის ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ მაქსიმალურად მზად იყოს მოკავშირეების დასარწმუნებლად, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და საქართველო ნატო-ში გასაწევრიანებლად მიიწვიონ. საპასუხოდ, რისი გაკეთება შეუძლია ალიანსს: უნდა ვიმუშაოთ არსებული პარტნიორობის ფარგლებში – გვაქვს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, არსებითი პაკეტი, გვაქვს საჭიროებებზე მორგებული პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტულ მიმართულებებს ალიანსის მხრიდან, სადაც საქართველოს ყველაზე მეტი საჭიროება აქვს. ამასთანავე, თქვენს ქვეყანას უფრო ეფექტურად მუშაობა სჭირდება იმ რეფორმების დანერგვის კუთხით, რომელიც ნატო-ს იდენტიფიცირებული აქვს ერთობლივად, თქვენს ხელისუფლებასთან ერთად. ეს მიმართულებები მსგავსია იმ რეკომენდაციების, რომლებიც ევროკავშირმა განსაზღვრა. 12 რეკომენდაცია მოდის ევროკავშირისგან, ათი რეკომენდაცია მოდის ნატო-სგან, რომელიც მანამდე ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში გაიწერა. ეს დამთხვევა არ არის. პირიქით, ეს საბაზისოა და, როგორც არაერთხელ ღიად მითქვამს თქვენი ხელისუფლებისთვის სხვადასხვა ვიზიტის დროს, მათ შორის პრემიერ ღარიბაშვილთან მადრიდში, მინისტრებთან ბრიუსელში, გჭირდებათ მომენტის დაჭერა და რეფორმების ტემპის გაზრდა, რათა მზად იყოთ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ალიანსმა უნდა მიიღოს. თქვენ უნდა დაარწმუნოთ მოკავშირეები ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
– ჩემი შემდეგი შეკითხვა სწორედ რეფორმებს ეხება. იცით, რომ საქართველოში რეფორმებზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობს. როდესაც აკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, როგორია თქვენი შეფასება – გვაქვს პროგრესი თუ უკუსვლა, რაზეც გვსმენია სხვადასხვა პირისგან, მათ შორის თქვენგან, რომ ნატო რეფორმების განხორციელების ტემპით კმაყოფილი არ არის.
ნამდვილად არ ვართ კმაყოფილი და არის შეშფოთება. მე არ გამოვიყენებ ტერმინ უკუსვლას, როგორც ზოგიერთმა პარტნიორმა უკვე გამოიყენა. მე ვიტყოდი, რომ არის შეშფოთება. შემაშფოთებელია პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში, სირთულეები, რომლებიც მთავრობასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობის მხრივ არსებობს. ეს საერთო პასუხისმგებლობაა როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მხრიდან. სწორედ ამიტომ, როდესაც სექტემბერში თბილისში ვიმყოფებოდი და სრულიად ოპოზიციურ სპექტრს შევხვდი, ძალიან მკაფიო გზავნილი მქონდა. გვჯერა, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკურ პოლარიზაციას, ინიციატივები უნდა მოდიოდეს მთავრობიდან, რადგან ის არის ქვეყნის მმართველი, მაგრამ ოპოზიციასაც აქვს პასუხისმგებლობა, პოზიტიურად უპასუხოს წინადადებებს, რომლებიც მთავრობიდან მოდის. ჯერ ასეთი გზავნილი ბევრი არ გვინახავს მთავრობიდან, ამიტომაც ვამხნევებთ მთავრობას, იაროს ამ გზით, სცადოს წინააღმდეგობების გადალახვა. ამ კავშირებზე თქვენს პრეზიდენტთანაც ვისაუბრე. საბოლოო ჯამში, ამ რეფორმების შესრულება დამოკიდებულია მთავრობისა და ოპოზიციის უნარზე, ერთად ითანამშრომლონ.
– როდესაც მთავრობა ამბობს, რომ მუშაობს რეფორმებზე და ოპოზიცია არ ერთვება მუშაობაში, ოპოზიციას ადანაშაულებს, რომ მათთვის პარტიული და პოლიტიკური ინტერესი უპირატესია, ასეთ შემთხვევაში რა არის თქვენი მთავარი რჩევა ოპოზიციისადმი?
ეს ძალიან შიდა პოლიტიკური საკითხია. ამას უნდა გაუმკლავდეთ. თუ რამეს ვეტყოდი აქედან ხელისუფლებასა და ოპოზიციას, არის ის, რომ როგორც ევროინტეგრაცია, ისე ატლანტიკური ინტეგრაცია არის თემები, რომლებმაც პარტიული ინტერესები უნდა გადაწონოს. მე ვიცი, რომ სურვილი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობაზე ზეპარტიული სურვილია. სურვილების რეალობად ქცევისთვის კი აუცილებელია რეფორმების განხორციელება. როგორც ორივე მხარეს ვუთხარი თბილისში, პრემიერს, მინისტრებსა და ოპოზიციასაც, გჭირდებათ ამ განსხვავებულობის გადალახვა და ერთად მუშაობა. სწორედ ეს არის მიზანი, რომელიც ქართველებს აერთიანებთ, 72 პროცენტი უჭერს მხარს ნატო-ში გაწევრიანებას. ამიტომ პოლიტიკურ სპექტრს სჭირდება განსხვავებების გადალახვა. ვიცი, რომ ეს რთულია, მაგრამ პოლიტიკური თამაშები ყველა ქვეყანაში რთულია. სწორედ ეს იქნება ჩემი შეთავაზება.