ხავიერ კოლომინა - ბუქარესტში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ვისაუბრებთ, როგორ გავამყაროთ პარტნიორობა და შესრულდეს მოთხოვნები, რათა საქართველო საბოლოოდ წევრობისთვის მოვამზადოთ
საქართველოსთან მუშაობას ძალიან ნაყოფიერად ვაგრძელებთ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კოლომინას თქმით, ბუქარესტში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოც მიწვეულია, სადაც ისაუბრებენ, როგორ შესრულდეს მოთხოვნები, რათა საქართველო წევრობისთვის მოემზადოს.
„რამდენიმე თვის წინ მივიღეთ საქართველოზე მორგებული პაკეტი ისევე, როგორც მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის. ცოტა ხანაში, ბუქარესტში გვექნება ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი, საქართველო ამ შეხვედრაზეც მიწვეულია. გვექნება შესაძლებლობა, ვილაპარაკოთ კავკასიაზე, იქ არსებულ სხვადასხვა დინამიკაზე, რუსულ საფრთხეებზე, ვისაუბროთ, როგორ გავამყაროთ პარტნიორობა და შესრულდეს მოთხოვნები, რათა საქართველო საბოლოოდ წევრობისთვის მოვამზადოთ“, – აღნიშნა კოლომინამ.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მადრიდში შეხვედრებს მართავს. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან ერთად არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია.