ხათუნა ზახაშვილი - გადადგმულია მთელი რიგი ნაბიჯები, რათა საქართველო ვაქცინის პირველ მიმღებთა შორის აღმოჩნდეს
ხათუნა ზახაშვილი - გადადგმულია მთელი რიგი ნაბიჯები, რათა საქართველო ვაქცინის პირველ მიმღებთა შორის აღმოჩნდეს

გადადგმულია მთელი რიგი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველო ვაქცინის პირველ მიმღებთა შორის აღმოჩნდეს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როდისთვის უნდა ველოდოთ ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლას, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ ვაქცინებისთვის აღიარებითი რეჟიმები უნდა არსებობდეს და ვაქცინის მიღებაზე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ უნდა მოხდეს თანხმობის გაცემა, რასაც „კოვაქსის“ პლატფორმა ითვალისწინებს და „კოვაქს“ პლატფორმისთვის ეს ვადა სავარაუდოდ, გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი.

მისი თქმით, საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომელსაც ვაქცინების ტესტირებისა და გამოცდის შესაძლებლობები არ აქვს, სანდო და დამაჯერებელია მწარმოებლის მიერ გაცემული რეკომენდაციები.

„ასეთი ქვეყნები მსოფლიოში უამრავია. ჩვენთვის სანდო და დამაჯერებელია ისეთი ქვეყნების მარეგულირებლების მიერ გაცემული აღიარება, რომლებსაც ვაქცინების ხარისხის შემოწმების შესაძლებლობა აქვთ და რა თქმა უნდა, ჯანმო-ს მიერ მინიჭებული პრეკვალიფიკაცია ან საგანგებო მდგომარეობის გამო გამოყენების უფლება. ჩვენ ახლა სწორედ ამ ეპოქასა და მოლოდინებში ვართ“, – განაცხადა ზახაშვილმა. 

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რას ნიშნავს 95%-ით ეფექტური ვაქცინა და რა დოზით ხდის ასეთი ვაქცინა უსაფრთხოს მის გამომყენებელს, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის მესამე ფაზის გამოცდის შედეგები და არ არის მთლიანად პოპულაციაზე ხანგრძლივი გამოყენების შედეგად მიღებული რიცხვები.

„ამიტომ, მოლოდინები ყოველთვის უნდა იყოს იმისა, რომ შეიძლება, მსოფლიოში სხვა, უფრო ეფექტური, ან ცოტათი ნაკლებად ეფექტური ვაქცინებიც გაჩნდეს, მაგრამ მაინც, ნებისმიერი ვაქცინაცია იქნება ამ დაავადების პროფილაქტიკის ერთადერთი პირდაპირი გზა და გარკვეულად, ამ დაავადების შეკავების მძლავრი იარაღი, რომელიც იმედია, ყველას გადაგვრთავს ცხოვრების სხვა რიტმში“, – განაცხადა ზახაშვილმა.

შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო, რადგან პანდემია მწვავე ფაზაშია და მისი დაძლევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეული ადამიანისთვის, არამედ ქვეყნისთვის, ხაზაშვილმა აღნიშნა, რომ დღესდღეობით, „კოვიდის“ ვაქცინაციის სავალდებულობა არც ერთ ქვეყანაში არ განიხილება.

„ჯერჯერობით, ითვლება, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ინდივიდუალური იმუნიტეტის შესაქმნელად არის გამიზნული და იმისთვის, რომ ქვეყნებისთვის მძიმე ავადობისა და სიკვდილობის ტვირთი შეამციროს. შესაბამისად, პირველ ეტაპზე ვაქცინები იმ რაოდენობით არც ერთი ქვეყნისთვის არ იქნება, რომ მათ მცირე ხანში, ერთი დარტყმით აცრან მთელი მოსახლეობა და ვაქცინაცია თუნდაც, სავალდებულოდ დააწესონ, ამგვარად შექმნან მძლავრი იმუნური ფენა და დაავადების შემდგომი გავრცელება შეაჩერონ“, – განაცხადა ზახაშვილმა.

შეკითხვაზე, მოსახლეობის რა რაოდენობა უნდა აიცრას იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესმა ქვეყნისთვის თავისი დადებითი შედეგი მოიტანოს, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, რომ „კოვიდის“ იმუნიზაციასთან დაკავშირებით რეალური გამოცდილება არავის აქვს, მაგრამ ჰიპოთეტურად, ექსპერტულ მოსაზრებებზე დაყრდნობით და სხვა ვაქცინების გამოცდილების გათვალისწინებით ითვლება, რომ იმუნური ფენა 70%-ზე ზევით უნდა იყოს, რათა დაავადების მიმდინარეობაში გარდატეხა შევიდეს.