ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში „სინოფარმით“ აცრასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები ჯერ არ დაფიქსირებულა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში „სინოფარმით“ აცრასთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებზე ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის.
„ჯერჯერობით ჩვენთან „სინოფარმით“ აცრასთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებზე ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის, თუმცა ხედავთ, რომ უკვე ყველა არის გარკვეული დროით, სტანდარტულად მეთვალყურეობის ქვეშ. მათ ყურადღებას აქცევენ ექიმები, რომლებიც ყველა ამცრელ უბანზე არიან. ვნახოთ, ესეც ვაქცინაა, შეიძლება, ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა ასეთი ტიპის მომსახურება, რომელიც აწყობილი გვაქვს ახლა ქვეყანაში, მაქსიმალურად გამორიცხავს რაიმე მძიმე გართულებებს, რომლებსაც რეაგირება დასჭირდება“, – აღნიშნა ზახაშვილმა.
ამასთან, ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებითაც.
„გაზრდილი ინციდენტობის მაჩვენებელი გვაჩვენებს, რომ ყველამ უნდა მივმართოთ ყველანაირ ღონეს, რათა დაავადების გავრცელება როგორმე შევაჩეროთ. ყველაზე ცუდი სცენარით, ალბათ, რამდენიმე ასეულით კიდევ შეიძლება მოიმატოს ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ყოველდღიურად ჩვენს ქმედებაზე – ნიღაბზე, დისტანციაზე, სივრცეების ხშირ განიავებაზე, ხელების ჰიგიენასა და რა თქმა უნდა აცრაზე“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო.