ხათუნა თოთლაძე - საქართველო და ვატიკანი იზიარებენ მშვიდობისა და სტაბილურობის ფასეულობებს, როგორც უზენაეს ნორმებს, საიდანაც უნდა მომდინარეობდეს სახელმწიფოს ქმედებები
ხათუნა თოთლაძე - საქართველო და ვატიკანი იზიარებენ მშვიდობისა და სტაბილურობის ფასეულობებს, როგორც უზენაეს ნორმებს, საიდანაც უნდა მომდინარეობდეს სახელმწიფოს ქმედებები

ისტორიულად, მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები გვერდიგვერდ იდგნენ საქართველოს აღორძინების გზაზე, კათოლიკური ეკლესია ყოველთვის იყო ჩვენს ქვეყანაში ევროპული ღირებულებების გავრცელების წინა პლანზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ვატიკანში გამართულ მიღებაზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და აღვნიშნავთ საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას, რომელიც დაკავშირებულია ისტორიის მრავალი მოვლენით და ღრმად არის ფესვგადგმული ქრისტიანულ კულტურაში. გარდა ამისა, ჩვენი ორი სუვერენული სახელმწიფო იზიარებს მშვიდობისა და სტაბილურობის ფასეულობებს, როგორც უზენაეს ნორმებს, საიდანაც უნდა მომდინარეობდეს სახელმწიფოს ქმედებები, ისევე, როგორც სამყაროს ხედვა, სადაც დომინირებს ტოლერანტობა, პატივისცემა და ურთიერთგაგება. ისტორიულად, მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები გვერდიგვერდ იდგნენ საქართველოს აღორძინების გზაზე და კათოლიკური ეკლესია ყოველთვის იყო ჩვენს ქვეყანაში ევროპული ღირებულებებისა და ცოდნის გავრცელების წინა პლანზე. დღეს წმინდა საყდარი არის საქართველოს ევროპული გზის, ჩვენი ქვეყნის მრავალწლიანი და ცივილიზაციური არჩევანის მტკიცე მხარდამჭერი. ვატიკანის ბაღებში, მექნება პატივი, მონაწილეობა მივიღო ივერიის ღვთისმშობლის ქართული მოზაიკის საინაუგურაციო ცერემონიაში. აღნიშნული წარმოადგენს კიდევ ერთ დამატებით იმპულსს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, რომელიც იქნება ჩვენი მჭიდრო სულიერი და კულტურული კავშირების მუდმივი დადასტურება“, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკის ინაუგურაციის ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართება. მანამდე კი პანოს განთავსების აღსანიშნად აღორძინების ეპოქის სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა. საღამოს კულტურულ ნაწილს „სუხიშვილები“ და ანსაბლი „ბასიანი“ აფორმებდნენ.