ხათუნა თოდაძე - ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა დღეს ძალიან მწვავედ დგას საქართველოში, ბევრი მიმართულებით და ბევრი მიზეზის გამო
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა დღეს ძალიან მწვავედ დგას საქართველოში, ბევრი მიმართულებით და ბევრი მიზეზის გამო, – ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, თსსუ-ს პროფესორმა, ხათუნა თოდაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს სერვისები განვითარებული არ არის და არის საოცარი დეფიციტი, როგორც დაწესებულებების, ისე სპეციალისტების. წელს რამდენიმე დეფიციტური სპეციალობისთვის უფასო რეზიდენტურა გამოცხადდა. უფრო სწორად, ამას სახელმწიფო აფინანსებს. ფსიქიატრიის მიმართულებით ქვეყანა სპეციალისტების ძალიან დიდ დეფიციტს განიცდის. ასევეა ნარკოლოგიაშიც და ჩვენ იმედი გვაქვს, დაფინანსება ამ თვალსაზრისითაც მოწესრიგდება“, – განაცხადა თოდაძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მიდგომა, რადგან ყველაზე სტიგმატიზებული პაციენტები არიან – ფსიქიკური დაავადებების და მენტალური პრობლემების მქონე პაციენტები, ნარკოდამოკიდებული, ალკოჰოლდამოკიდებული და თამაშდამოკიდებული ადამიანები.
როგორც თოდაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, სერვისები იყოს მზად, რომ პაციენტს ის დროულად მიეწოდოს.
„მაგალითად, როცა ადიქციაზე ვლაპარაკობთ, ნარკოდამოკიდებულ ადამიანს აქვს ხოლმე პერიოდები, როდესაც უჩნდება გარკვეული მოტივაცია, რომ იმკურნალოს. მას სწორედ მაშინ უნდა შეეძლოს ამ მკურნალობის მიღება და არა ისე, რომ ორი-სამი თვის განმავლობაში რიგში იდგეს, რადგან სამი თვის მერე სრულიად შესაძლებელია, მან ეს მოტივაცია დაკარგოს“, – განაცხადა თოდაძემ.
ხათუნა თოდაძემ ასევე განაცხადა, რომ კანონმდებლობაში არის ხარვეზები, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.
„მაგალითად, ფსიქიატრიაში მწვავე შემთხვევაში, როდესაც პაციენტი იმდენად შეურაცხადია, რომ თავის ქცევაზე პასუხს ვერ აგებს და საკუთარი თავისთვის ან საზოგადოებისთვის გარკვეულ ხიფათს წარმოადგენს, არსებობს მექანიზმი, რომ მას მკურნალობა დაევალოს. ამაში ჩართული არიან როგორც ექიმები, ისე სპეციალურად მომზადებული მოსამართლე, რომელიც მკურნალობის ვალდებულებას წყვეტს, ექიმებთან ერთად მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს და ასე შემდეგ. მექანიზმი არ არსებობს იგივე მდგომარეობის ნარკოლოგიურ პაციენტთან მიმართებაში, რომელსაც ფსიქოზური მდგომარეობა აქვს და თუ ეს პაციენტი მკურნალობას არ მოინდომებს, მისი დავალდებულების მექანიზმი არ არსებობს. ეს პაციენტი ქუჩაში გადის და არავინ იცის, მერე ის როგორ მოიქცევა ქუჩაში, სახლში და საზოგადოებაში“, – განაცხადა ხათუნა თოდაძემ.