ხათუნა სამნიძე - როდესაც საუბარია საპროტესტო აქციებზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლება შეშინებულია
ხათუნა სამნიძე - როდესაც საუბარია საპროტესტო აქციებზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლება შეშინებულია

საქმე გვაქვს შეშინებულ ხელისუფლებასთან. როდესაც საუბარია საპროტესტო აქციებზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლება შეშინებულია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ დაკავშირებულია პოლიტიკური უფლებების შეზღუდვასთან.

„ჩვენ საქმე გვაქვს შეშინებულ ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ, რომელმაც პანდემიის საბაბით არჩევნები არ გადადო, ძალიან კარგად იცოდა, რომ ცუდ ვითარებაში იყო. დღეს, როდესაც საუბარია საპროტესტო აქციებზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლება შეშინებულია.

22:00 საათის შემდეგ ისედაც არც ერთი კაფე-ბარი არ მუშაობს, ასეთ დროს ასეთი ტიპის შეზღუდვა პირდაპირ არის პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა ხელისუფლების მხრიდან, რომელიც შეშინებულია. მოსალოდნელი იყო, რომ ის მიმართავდა ყველა გზას, ერთ-ერთი გზა არის პანდემიის სათავისოდ გამოყენება და ამ თემით მანიპულირება, რაც ასევე არჩევნებზე იყო გამოყენებული“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეზღუდული იქნება. შეზღუდვა გავრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტსა და კერძო ავტომობილებზე.