ხათუნა სამნიძე - არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებას მოქალაქეების პროტესტის ესმის
არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებას ესმის პროტესტის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე კომენტარისას აღნიშნა.
„არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებას ესმის მოქალაქეების, რაც არ უნდა პრობლემა იდგეს. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, შეკითხვებს გასცეს პასუხი. დღემდე არ არსებობს პასუხები და ბუნებრივია, ამას მოჰყვება პროტესტი, რომელსაც ვუყურებთ. მთავარი პრობლემა არის ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება“,- განაცხადა სამნიძემ.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია თბილისში გუშინ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოთხოვნებს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება. ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.
ამასთან, კომპანია „ენკამ“ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს დიალოგს სთავაზობს.