ხათუნა გოგორიშვილი - ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია, ადამიანებს უმუშევრობა ახრჩობთ, „ქართული ოცნება“ კი ახერხებს და საკუთარ ფუფუნებაზე ფიქრობს
ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია, ადამიანებს უმუშევრობა ახრჩობთ, „ქართული ოცნება“ კი ახერხებს და საკუთარ ფუფუნებაზე ფიქრობს, – ამის შესახებ გურიაში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემური საკითხია. გოგორიშვილი აცხადებს, რომ გამოცხადებულ ტენდერებში, ძირითადად, ერთი ადამიანი მონაწილეობდა და ხშირად ეს პრედენტენტები ერთი და იგივე პიროვნებები იყვნენ.
„მაშინ როდესაც ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისია, როდესაც ადამიანებს უმუშევრობა ახრჩობთ, პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები კატასტროფულად იზრდება, „ქართული ოცნება“ ახერხებს და საკუთარ ფუფუნებაზე ფიქრობს. ისინი, არამარტო ბიუჯეტის ფულს ანიავებენ, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარი კეთილდღეობისთვის რაც შეიძლება ნაკლები თანხა შევიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში. საკითხი შეეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიწების გასხვისებას. ორი წლის განმავლობაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საჯარო აუქციონებსა და ელექტრონულ ტენდერებზე მთლიანობაში, მხოლოდ ზღვისპირა ზოლში 107 200 კვ.მ მიწა გასხვისდა. ამის შედეგად ბიუჯეტმა 357 600 ლარი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 3,54 თეთრია. ამ ტენდერებში, უმეტესობა მათგანში თითო ადამიანი მონაწილეობდა და ხშირად ეს პრედენტენტები ერთი და იგივე პიროვნებები იყვნენ. იგივე ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრეები, როდესაც ტერიტორიას ასხვისებენ, კვ. მ ფასი 120 ლარიდან 160 ლარამდე მერყეობს. მაგალითად, „შავი ზღვის არენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 14 900 კვ მიწის გასხვისება მოხდა და კვ. მ საფასური იყო 30 თეთრი, რადგან აუქციონში ერთადერთი მონაწილე ოზურგეთის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მერაბ წივწივაძე იყო. ის რომ, ე.წ „ბლექსი არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის თანხმობის გარეშე ბუზიც ვერ გადაიფრენს, ამაზე საუბარი საჭირო აღარაა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი შედარებით წესიერად რომ მოქცეულიყო და კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი თუნდაც 100 ლარად გაეყიდა, მაშინ ოზურგეთის ბიუჯეტში 10 722 200 ლარი შევიდოდა. მინდა მივმართო ჩემს ოზურგეთელებს, წარმოვიდგინოთ რამდენი რამის გაკეთება შეიძლებოდა 10 მილიონი ლარით, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა, მოწესრიგდებოდა სასმელი წყლის პრობლემა, გაკეთდებოდა გზა, როგორ შეიძლებოდა გაზრდილიყო ოზურგეთის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები, რომლებიც კატასტროფულად მიზერულია, ყველაფერ ამის ნაცვლად ერთადერთი რამ ხდება, ოზურგეთის „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკები დაკავებული არიან, მოასწრონ საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესება და მოასწრონ ქონების დაგროვება. ეს არის თითოეული ადამიანის ჯიბეში ხელის ჩაყოფა, თითოეული ადამიანისთვის სამუშაოს წართმევა, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, უნდა შეიცვალოს. დადგა დრო გარდამტეხი ცვლილებების და ეს გარდამტეხი ცვლილებები აუცილებლად დაიწყება 2020 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ“, – განაცხადა გოგორიშვილმა.