ხატია დეკანოიძე - უკრაინის ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნით
ხატია დეკანოიძე - უკრაინის ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნით

ახალი არ არის, როდესაც უკრაინის ხელისუფლება ანტიუკრაინული პოზიციის გამო აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას, გვახსოვს ძალიან მძიმე ურთიერთბრალდებები, ასევე საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც, განსაკუთრებით რუსული სამხედრო აგრესიის შემდეგ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ კარგად იცის, რომ საქართველოს მოქალაქეებს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნით.

„როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ანტიუკრაინული და ანტიდასავლური პოზიცია აქვს, პრეზიდენტის იმპიჩმენტია და რუსული კანონმდებლობის მიღება, ამ ფონზე ჩვენს პარტნიორებს აქვთ ის ინფორმაცია, რომელიც რეალურად ვრცელდება. ძალიან მძიმეა, როდესაც ორ ქვეყნის ხელისუფლებას შორის მსგავსი ურთიერთბრალდებებითაა თანამშრომლობა. ვერც კი წარმომიდგენია „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო-უკრაინის ხელისუფლებებს შორის ის ურთიერთობები იყოს, რომელიც აუცილებელია პარტნიორ ქვეყნებს შორის. უკრაინის ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის პირველ რიგში პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის. მე დარწმუნებული ვარ, უკრაინა სწორედ ამ კუთხით შეეცდება ლობირებას, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს შანსი მიეცეთ და ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდნენ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.