ხაშურში მეუღლის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, – ამის შესახებ ხაშურის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, კახა ხელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი ამჟამად კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.
„დაახლოებით 18:00 საათისთვის მუცლისა და გულმკერდის მრავლობითი ჭრილობით შემოიყვანეს პაციენტი. სასიცოცხლო ჩვენებით განხორციელდა სასწრაფო, გადაუდებელი ოპერაცია, რის შემდეგადაც პაციენტი მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა“, – განაცხადა კახა ხელაძემ.
საავადმყოფოს ხელმძღვანელის თქმით, კატასტროფის ბრიგადის მიერ დაჭრილი ქალის თბილისში გადმოყვანა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ვერ მოხერხდება.
„ოჯახის წევრების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ კატასტროფის ბრიგადის მიერ პაციენტი თბილისში გადმოეყვანათ, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდება“, – განაცხადა კახა ხელაძემ.
ხაშურში რამდენიმე საათის წინ ქმარმა ცოლი დაჭრა. ახალგაზრდა ქალს ქმარი ერთ-ერთ სილამაზის სალონში თავს დაესხა და რამდენიმე ჭრილობა თვითმხილველების თვალწინ მიაყენა. მამაკაცი დაკავებულია.