ხაშურის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე შესაძლებელია, – აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის ნაწილი – ხაშურის შემოვლითი გზა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გახსნა.
პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი პროექტში 50 მლნ ლარია.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც არის პირველ რიგში ხაშურლებისთვის და რა თქმა უნდა მთელი საქართველოსთვის.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს 13 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლისგანაც 11 კილომეტრი არის სრულად ოთხზოლიანი, ორი კილომეტრი დროებით, ოქტომბრის ბოლომდე არის ორზოლიანი, ეს არის უმნიშვნელოვანესი. რატომ? ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა. მოგეხსენებათ ხაშურში რა ხდებოდა ეკოლოგიურად, მოძრაობის თვალსაზრისით, ხაშური იყო ჩვეულებრივი სატრანზიტო ქალაქი. დღეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი რატომაა და რატომ ვჩქარობდით წვიმაში ამის გახსნას, დღეს უკვე გზა გახსნილია და დასავლეთი-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ადამიანებს აღარ მოუწევთ ხაშურის გავლა. ხაშურლებისთვის ეს რა არის? პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოება, მოგეხსენებათ ეს იყო კატასტროფული მოძრაობა ხაშურში, საცობებს თავი, რომ დავანებოთ უმნიშვნელოვანესია რა თქმა უნდა ეკოლოგიაც. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 13 კილომეტრიანი მონაკვეთი დღეს გაიხსნა, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, რომელიც არის პირველ რიგში ხაშურლებისთვის და რა თქმა უნდა მთელი საქართველოსთვის. ახლა შვებულებების სეზონია და ყველა ვმოძრაობთ, ვხედავთ რამდენად მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე, წელს ჩვენ უკვე გავხსენით ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კილომეტრიანი მონაკვეთი, ისევე, როგორც ჯაპანა-ლანჩხუთის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი, მაგრამ წელს არის ყველაზე მასშტაბური გახსნები, საბოლოო ჯამში 70 კილომეტრი გაიხსნება და ყველაზე მასშტაბური სამუშაოები, რაც აქამდე ყოფილა აღმოსავლეთ-დასავლეთის მონაკვეთზე. როგორც კი რიკოთი დასრულდება, ჩვენ ხარისხობრივად მივიღებთ ახალ ქვეყანას ეს იქნება სულ სხვა მობილობა, ეს იქნება სულ სხვა ხარისხობრივად ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანა და ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, რომ წელს ამ 70 კილომეტრის ძირითადი მონაკვეთები რა არის, ეს არის ხაშურის შემოვლითი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზა სრულად და ჯაპანა-ლანჩხუთის გზა. ასევე, მიმდინარეობს ბათუმის შემოვლით გზაზე მუშაობა და 2022 წლისთვის ჩვენ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლუატაციაში შევიდა ოთხზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს ორზოლიან გზაზე. გზის 1.5 კმ-იან მონაკვეთზე დამატებითი ორიზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13 კილომეტრი ოთხზოლიანი იქნება.
ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და არსებულ გზას სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან უერთდება. ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ხაშურს საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი, სრულად ახალ გზაზე განხორციელდება. ხაშურის შემოვლითი გზის საშუალებით მგზავრობის დრო 40-50%-ით შემცირდება და ახალი გზით საშუალებით გადაადგილების დრო ამ მონაკვეთზე განახევრდება. გარდა ამისა, გზის შესაბამის მონაკვეთებთან მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით, რათა მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს.
ახალი შემოვლითი გზის გახსნის ღონისძიებას მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, ვეროკავშირის ელჩის მოადგილე ასუნსიონ სანჩეს რუისი და სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენელი მაჩიე ჩურა დაესწრნენ.