ხარკოვში, ფოსტის შენობაში მძევლად აყვანილი მოქალაქეები გაათავისუფლეს
ხარკოვში, ფოსტის შენობაში მძევლად აყვანილი მოქალაქეები გაათავისუფლეს. ბოროტმოქმედი დაკავებულია, – ამის შესახებ უკრაინის პოლიცია იტყობინება.
როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, დაპატიმრებული 1977 წელს დაბადებული პირია, რომელიც ფოსტის შენობის სიახლოვეს ცხოვრობდა. მან მძევლად 11 ადამიანი აიყვანა და გუშინ მთელი დღის განმავლობაში ფოსტაში ჰყავდა დატყვევებული. ბოროტმოქმედს მოთხოვნები არ წამოუყენებია. ის ამტკიცებდა, რომ მას სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა დამაგრებული. ამის გამო, პოლიცია ძალის გამოყენებას ერიდებოდა.
დღის ბოლოს ერთ-ერთი მძევალი შენობიდან გამოიქცა, რა დროსაც ფოსტაში სპეცრაზმი შეიჭრა და დამნაშავე დააკავა.
როგორც მძევლად მყოფი ადამიანები ჰყვებიან, ბოროტმოქმედი მათი თანდასწრებით ალკოჰოლს სვამდა და ხელში პისტლეტის მგავსი ნივთი ეჭირა.
დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.