ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსეთის ძალების მიერ კუპიანსკის დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა
რუსეთის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს. დაიღუპა ორი ქალი, ერთმა მამაკაცმა კი დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
არსებული ცნობებით, საოკუპაციო ძალებმა კუპიანსკის მიმართულებით ცეცხლი არტილერიიდან გახსნეს. დაზიანდა კერძო სახლი და დამხმარე ნაგებობები.
ამასთან, საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, მიკოლაევისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰში საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტა ჩამოაგდეს. მანამდე ოკუპანტებმა ნიკოპოლზე კამიკაძე-დრონებით მიიტანეს იერიში. დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა, ინფრასტრუქტურული ობიექტი და სასაწყობე ნაგებობა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.