ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა
ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა

ხარკოვის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 15 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის არმიამ ქალაქზე თავდასხმისას მართვადი საავიაციო ბომბები გამოიყენა.

როგორც ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა თავის ტელეგრამარხზე განაცხადა, თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც. რვა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია.

ტერეხოვმა ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ჭურვი სამედიცინო დაწესებულების ახლოს ჩამოვარდა. ხარკოვის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ვლადიმირ ტიმოშკომ ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამიზნე სწორედ საავადმყოფო იყო.

ცნობისთვის, რუსეთმა ხარკოვი ერთი კვირის წინაც დაბომბა. 15 სექტემბერს განხორციელებული იერიშის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით, ნანგრევებიდან შეძლეს დაღუპული ქალის ცხედრის ამოყვანა.