ხარაგაულში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ხარაგაულში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 61 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტი ხაშურის ჰოსპიტალიდან გვიან ღამით თბილისის ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.
ჰოსპიტლის ექიმის, მიხეილ ლოლაძის განცხადებით, დაშავებულს ქალატვინის დახურული ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. მისივე თქმით, პაციენტის კიდურები ამპუტაციას არ საჭიროებს, მაგრამ აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
„პაციენტი გადმოიყვანეს ხაშურის ჰოსპიტლიდან. მას აღენიშნება ქალატვინის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მხრის ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობა. პაციენტი თავსდება სტაციონარში შემდგომი მკურნალობისთვის. საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, მაგრამ ამპუტაციაზე არ არის საუბარი. პაციენტის კიდურის სისხლძარღვები და ნერვული სისტემა ნორმალურ მდგომარეობაშია“, – განაცხადა მიხეილ ლოლაძემ.
დაშავებული მოინახულეს პროფკავშირების წევრებმა. ჟურნალისტებთან საუბრისას მათ ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება.
„დარღვეულია ყველა სტანდარტი, ყველანაირი ნორმა. ადამიანები იღუპებიან იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოში არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც გააკონტროლებს ქვეყანაში უსაფრთხო შრომას“, – განცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა პაატა ნინუამ.
შეგახსენებთ, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება 22 იანვარს მოხდა. მომხდარის შედეგად, ადგილზე დასაქმებული სამი პირი დაშავდა. ისინი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით, ერთ-ერთი დაშავებულის, 61 წლის მამაკაცის თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.
სოფელ ბეჟათუბანში აფეთქების ფაქტს ეკონომიკის სამინისტრო შეისწავლის.