სოფელ ბეჟათუბანში აფეთქების შედეგად დაშავებულები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს
სოფელ ბეჟათუბანში აფეთქების შედეგად დაშავებულები ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს

სოფელ ბეჟათუბანში, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ სარკინიგზო მონაკვეთზე აფეთქების დროს დაშავებული სამი მუშა ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სამივე დაშავებული ელექტროშემდუღებელია. ერთი მათგანი საავადმყოფოში ახლობლებმა მიიყვანეს, ორი დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა.

სასწრაფოს ექიმის განცხადებით, დაშავებულებს დაზიანებები ხერხემლის არეში აქვთ მიღებული და მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

ხაშურის საავადმყოფოში იმყოფებიან საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორი კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლები. მათ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღეს სოფელ ბეჟათუბანში, გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა. შეგახსენებთ, მუშები რამდენიმე დღის წინ შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ, რის შემდეგაც ადგილზე ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტი ჩავიდა.