პეკინის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის გამო, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია.
თბილისის მერიის ცნობით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობა ჩაკეტილია ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების კვეთაზე არსებულ არქივის შენობასთან. ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, პეკინის გამზირის მიმართულებით, ხოლო გაგარინის ქუჩიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელია კანდელაკის ქუჩის დახმარებით. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრავი მარშრუტები გადაადგილდებიან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით და იონა ვაკელის ქუჩის გავლით, სვლას ვაჟა-ფშაველას გამზირზე განაგრძობენ. პეკინის გამზირისკენ მოძრავი მარშრუტები იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების დახმარებით, პეკინის გამზირზე გადაადგილდებიან.
დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, რომ მარშალ გელოვანის გამზირისკენ მიმავალი მარშრუტები ამჟამად, შარტავას ქუჩის გავლით, გაგარინის ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ.