ხანძრის დაწყების მომენტი სავარაუდოდ სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ვიდეოსათვალთვალო კამერები იყო დამონტაჟებული, რაც გამოძიებას ცეცხლის გაჩენის მიზეზის დადგენაში დაეხმარება.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, სავარაუდოდ, დამწვარია დაახლოებით სამი ათასი კვ.მ. ტერიტორია.
„ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ცალკეული კერები არის დარჩენილი.
მადლობა თითოეულ მეხანძრე-მაშველს, რომელიც თავგანწირვით მუშაობს და ასრულებს მოვალეობას.
ადგილზე 24 სახანძრო-სამაშველო მანქანაა მობილიზებული, მუშაობს 150 მაშველი“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
„ხანძრის მასშტაბს რაც შეეხება, მინიმუმ, 3000 კვ.მ. ტერიტორიაა დამწვარი. ზუსტ ციფრებს ხვალ მოგახსენებთ. ადგილზე იყო ვიდეომონიტორინგი და შეიძლება დადგინდეს, როგორ გაჩნდა ცეცხლი. გამოძიებას აქვს სამუშაო და იტყვის ზუსტ პასუხს“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მისივე განცხადებით, დამწვარია ბაზრობის მესამე სართული, ასევე, დაზიანდა მეორე სართულის ნაწილი და ავტოფარეხი.
ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგში“ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.