ირაკლი კობახიძე - ახალი სტრუქტურა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა შეიქმნას
ირაკლი კობახიძე - ახალი სტრუქტურა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა შეიქმნას

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ახალი სტრუქტურა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა შეიქმნას. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან გიორგი მღებრიშვილის წასვლის კომენტირებისას განაცხადა. კობახიძე აცხადებს, რომ ამ დონის საკადრო გადაადგილება პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის, შესაბამისად, კომენტარიც შესაძლოა, ზედმეტი იყოს.

„ამ პროცესში პარლამენტის ჩარევის რესურსი მინიმალურია. ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ამ დონეზე რა საკადრო ცვლილება განხორციელდება. ეს პოლიტიკური დონე არ არის. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან კომენტარებიც შეიძლება, ზედმეტი იყოს.

ჩემი მიდგომაა, რომ ახალი სტრუქტურა უნდა შეიქმნას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით იქნება დაკავებული. ალბათ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო უნდა იყოს, რომელიც მთავრობას იქნება დაქვემდებარებული. ამაზე აქტიური კონსულტაციები გვექნება“, – აღნიშნა კობახიძემ.

პირველი არხის კითხვაზე, როგორია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოდელი, კობახიძე აცხადებს, რომ სისტემას, რაც ახალი კონსტიტუციის ფარგლებში არის ჩამოყალიბებული, ახალი სტრუქტურა სჭირდება.

„ეს უნდა იყოს დაქვემდებარებული პრემიერ-მინისტრს და იყოს მაღალი დონის ორგანო, რომელიც დაკავებული იქნება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.