ხანძარმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურის მალული, მოულოდნელი დეტალები გამოავლინა — #1tvმეცნიერება
მიუხედავად იმ დიდი ზიანისა, რაც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს 2019 წლის ხანძარმა მიაყენა, სტიქიამ არქეოლოგებს მისი ისტორიის შესწავლის უნიკალური შანსი მისცა.
საკათედრო ტაძრის საუკუნეების განმავლობაში დამალულ ნაწილებს შლიან და ხელახლა აწყობენ, რაც 32-მეტრიანი ნაგებობის არქიტექტურული ინოვაციების შესახებ ფასდაუდებელ ცნობებს გვთავაზობს.
როგორც ირკვევა, ტაძრის ასეთი სიმაღლე დიდწილად რკინის დამსახურებაა, რომელიც ამ დიდებული სტრუქტურის „ძარღვებს“ გასდევს.
საკათედრო ტაძრის სხვადასხვა ნაწილში, არქეოლოგებმა ლითონის ათასობით სამაგრი აღმოაჩინეს, რომელთაგან ზოგიერთი 1160-იანი წლებით თარიღდება.
აღმოჩენა მიუთითებს, რომ რკინის გამოყენება ქვით მშენებლობაში, არც ისე თანამედროვეა, როგორც გვეგონა. ტაძარზე მომუშავე შუა საუკუნის მშენებლები ამ არქიტექტურულ მეთოდს იქამდე დიდი ხნით ადრე იყენებდნენ, ვიდრე მე-19 საუკუნეში მისი მასშტაბური რესტავრაცია დაიწყებოდა.
„პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ახლა დანამდვილებით არის ჩვენთვის ცნობილი პირველი გოტიკური კათედრალი, რომელშიც რკინას, როგორც სამშენებლო მასალას, მასიურად იყენებდნენ ქვების შესაკრავად“, — წერენ არქეოლოგები.
ჯგუფის შეფასებით, ტაძარში აღმოჩენილი რკინის არმატურები ორი საუკუნით უფრო ძველია, ვიდრე სუასონის საკათედრო ტაძარი აშენდებოდა და ბურჟის კათედრალზე ოთხი ათწლეულით უფრო ძველი. ამ დრომდე, რკინის სისტემური კონსტრუქციის პირველ ნიმუშებად სწორედ ეს ორი გოტიკური შენობა მიიჩნეოდა.
აშკარაა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტორი ამ მხრივ გაცილებით წინ იყო.
როგორც ჩანს, ქვების ერთმანეთთან მისამაგრებლად მას უხვად გამოუყენებია რკინის არმატურა. ეს გამძლე სამაგრები აღმოჩენილია ტაძრის ტრიბუნების იატაკზე და თაღების მოხრილობებში.
„ლითონის ეს ბადე მშენებლობის პირველ ფაზაშია ჩაყენებული და უნდა ჩავთვალოთ გარე, თითქმის 11 მეტრი სიმაღლის თაღედის გამაგრების ინოვაციად. მაშინ, როცა სხვა შენობებში თაღებს შორის გაჭიმულ ხეს იყენებდნენ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პირველმა მშენებელმა ოსტატმა თამამი არჩევანი გააკეთა სისტემაზე, რომელიც უფრო გამძლეა და დასამალადაც ადვილი“, — წერენ მკვლევრები.
ჭკვიანურმა გამაგრებამ აშკარად წარმატებით გააკეთა საკუთარი საქმე და როგორც ჩანს, მე-13 საუკუნემდე ამ მეთოდს სხვა არქიტექტორებიც ჰბაძავდნენ, იყენებდნენ ტაძრის დამატებებსა და აღდგენით სამუშაოებში.
მაგალითად, ლითონის დეტექტორებით გამოვლინდა კათედრალის ნავში გამოყენებული ლითონის ასობით სამაგრი; მართალია, მათი დათარიღება შეიძლება ზუსტი არაა, მაგრამ განსხვავდება იატაკში გამოყენებული სამაგრებისგან. ექსპერტები ეჭვობენ, რომ ისინი გვიანდელი სამუშაოებისას არის დამატებული არქიტექტორის მიერ, რომელიც, ისტორიული დოკუმენტების თანახმად, სამუშაოებს 1170-1190 წლებს შორის ასრულებდა.
დიდი ალბათობით, მეორე არქიტექტორმა სამაგრების მეთოდი წინამორბედისგან აიღო. ასევე სავარაუდოა, რომ ეს ცოდნა მან შემდეგ ოსტატსაც გადასცა.
შენობის გვერდითა კედლების თავზე არსებული სამაგრების მწკრივი, სულ მცირე, ადრეული მე-13 საუკუნით თარიღდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს სტრუქტურები მას შემდეგ ააგეს, რაც შენობის კარკასი უკვე აშენებული იყო.
მე-19 საუკუნეში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს რესტავრაცია რამდენიმეჯერ ჩაუტარდა; რკინა მაშინაც გამოიყენეს.
ექსპერტებს აქამდე მიაჩნდათ, რომ არმატურა მხოლოდ მაშინ, მე-19 საუკუნის რესტავრაციებისას გამოიყენეს.
ალბათ კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ როგორც შუა საუკუნეების რკინის სამაგრების ქიმიური ანალიზი მიუთითებს, ისინი რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან არის მოტანილი და შემდეგ შედუღებული.
სრულიად შესაძლებელია, რომ მე-12 საუკუნეში, პარიზში ახალი და მეორადი რკინის ბაზარი ყვაოდა. მართლაც, ისტორიული დოკუმენტების თანახმად, მე-12 და მე-13 საუკუნეებში რკინის იმპორტზე ბეგარა შემოიღეს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა გრძელდება და მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ კიდევ უფრო მეტს შეიტყობენ შუა საუკუნეების შთამბეჭდავი მშენებლების შესახებ.
კვლევა PLOS One-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.