ხანდაზმულობა, შესაძლოა, აღარ გავრცელდეს ისეთ დანაშაულზე, რომელიც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს და შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
ხანდაზმულობა, შესაძლოა, აღარ გავრცელდეს ისეთ დანაშაულზე, რომელიც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს და შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

„პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის გათვალისწინებით, ისეთი დანაშაულის ჩადენაზე, რომელიც სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და რომლის ჩადენას შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ხანდაზმულობა, შესაძლოა, აღარ გავრცელდეს.

ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

სისხლის სამართლის კოდექსით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება არ გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 144/1 − 144/3 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების მიმართ, აგრეთვე, არასრულწლოვანის მიმართ 137-ე, 141-ე, 253-ე, 255/2 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში.

ცვლილებებით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან არც მაშინ გათავისუფლდება, თუ მან ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომელიც სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ამ დანაშაულის ჩადენის შედეგად ადამიანის სიცოცხლე იქნა მოსპობილი.