ხალასთავის საბადოს შესწავლაში 2.5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალასთავის ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების (ოქრო-სპილენძი) შესწავლა-მოპოვების 25 წლიანი ლიცენზია 788 350 ლარად გაიყიდა.
აუქციონში მონაწილე სამ პრეტენდენტს შორის გამარჯვებული ფიზიკური პირი გახდა. ლიცენზიის საწყისი ფასი 11 150 ლარს შეადგენდა.
სალიცენზიო პირობების თანახმად, გამარჯვებული ვალდებულია არაუმეტეს სამი წლის ვადაში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა.
ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულებას იღებს, შესწავლის პერიოდში ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, მინიმუმ 2 500 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
გარდა ამისა, ლიცენზიის მფლობელმა სამთო სამუშაოების დაწყებამდე უნდა შეადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სამუშაოების განხორციელებისას მუდმივად უზრუნველყოს გარემოს მდგომარეობის მონიტორინგი. შესწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში, ყოველი ექვსი თვის ვადის დასრულებიდან ხუთ სამუშაო დღეში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს აღნიშნულ პერიოდში შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიში.
სალიცენზიო პირობების ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლის პერიოდში საქართველოს 30 მოქალაქე დასაქმდება.