კერსტინ ლუნდგრენი - რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური თუ სექსუალური ორიენტაციის შესახებ უფლებები დაკავშირებულია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან
რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური თუ სექსუალური ორიენტაციის შესახებ უფლებები დაკავშირებულია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან, – ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის (რიქსდაგის) ვიცე-სპიკერმა, კერსტინ ლუნდგრენმა ბათუმის კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე სესიაზე საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
ანდრია ჯაღმაიძემ საკუთარი შეკითხვის შესავალში აღნიშნა, რომ საქართველოს 30 წელია, არჩეული აქვს დასავლეთის გზა და იყო ერთ-ერთი პირველი რესპუბლიკა საბჭოთა კაშირის დანგრევისას, რომელიც ითხოვდა დამოუკიდებლობას.
„ბრძოლის ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ საბჭოთა კავშირი არ ითვალისწინებდა ქართულ ფუნდამენტურ ღირებულებებს. 1989 წლის 9 აპრილმა პროტესტი გააგრძელა. ახლა ვხედავთ მოსახლეობის პოლარიზაციას ერთი მტკივნეული საკითხის გარშემო. ქართული კულტურისთვის უცხოა პირადული ცხოვრების გამომზეურება. ჩვენ ვამბობთ, რომ ლგბტ ხალხის მიმართ არ არის აგრესია, სანამ ისინი არ იწყებენ საკუთარი პირადი ცხოვრების წესის დემონსტრირებას“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დაინტერესდა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსული რბილი ძალის ხელში ძალიან ნოყიერ ნიადაგს ქმნის ეს თემა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და იქნება თუ არა კატეგორიული მოთხოვნა საქართველოს წინაშე, რომ პრაიდები და მსგავსი ღონისძიებები განხორციელდეს საქართველოს ქუჩებში.
კერსტინ ლუნდგრენის თქმით, ადამიანის ყველა ძირითადი უფლების რეალიზებასთანაა დაკავშირებული ტოლერანტული საზოგადოების შენება.
„რაც შეეხება ლგბტ საზოგადოებას, ჩვენთვის ეს არის ფუნდამენტურ უფლებებთან, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხი, იქნება ეს რელიგიური, ეთნიკური, პოლიტიკური თუ იგივე სექსუალური ორიენტაციის შესახებ უფლებები. ეს ყველაფერი არის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებული და თავის მხრივ, ეს საკითხი გულისხმობს, როგორ უნდა შევქმნათ დამთმენი, ტოლერანტული საზოგადოება. აი, ეს არის მთავარი მიზანი ყველა ამ პრინციპის გათვალისწინებით“, – განაცხადა კერსტინ ლუნდგრენმა.