კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი 2009 წლის მარტში გაუშვეს და მას შემდეგ ის ეგზოპლანეტებზე მონადირედ იქცა. 2018 წლის 8 მარტის მონაცემებით, სულ აღმოჩენილია 3743 ეგზოპლანეტა, რომელთაგან 2649 სწორედ კეპლერის ნაპოვნია.
მაგრამ ამავე დროს, ტელესკოპი არაერთხელ აღმოჩნდა ტექნიკური გამოწვევის წინაშე. მათ შორის იყო ორი რეაქციული ბორბლის კრახი, რამაც კეპლერს სასტიკად შეუშალა ხელი წინასწარ განზრახული მისიის შესრულებაში.
მიუხედავად ამისა, კეპლერის ჯგუფმა მაინც შეძლო ტელესკოპის სტაბილურ კონფიგურაციაზე დაბრუნება. წარუმატებელი რეაქციული ბორბლების ფუნქციის კომპენსირებისთვის, მათ ძრავის საწვავის მცირე ოდენობა გამოიყენეს.
K2-ის სახელით ცნობილი დაკვირვებათა კამპანია უკვე 4 წელია მიმდინარეობს, მაგრამ სამწუხაროდ, კეპლერს საწვავი ეწურება. საწვავის დარჩენილ ოდენობასა და მისი მოხმარების მაჩვენებელზე დაყრდნობით, NASA ვარაუდობს, რომ მისია უახლოეს რამდენიმე თვეში დასრულდება.
მთელი ამ წლების განმავლობაში, შორეულ ვარსკვლავებთან კეპლერი ეგზოპლანეტებს პოულობდა ტრანზიტის მეთოდის გამოყენებით.
ეს მეთოდი გულისხმობს ვარსკვლავთა სინათლის პერიოდული ჩაბნელებების მონიტორინგს. როგორც წესი, პერიოდული ჩაბნელებები გამოწვეულია ვარსკვლავის წინ პლანეტის ჩათვლით (ტრანზიტი). ტრანზიტის მეთოდი ყველაზე საიმედოდ მიიჩნევა და მის ანგარიშზე უკვე 2900 აღმოჩენაა.
ბუნებრივია, ამ ცნობამ ძალიან მძიმედ იმოქმედა ასტრონომებსა და ეგზოპლანეტებზე მონადირე ენთუზიასტებზე, მაგრამ სანამ გლოვას შეუდგებოდნენ, მათ ერთი რამ უნდა ახსოვდეთ.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ კეპლერის მისია იმაზე გაცილებით დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. K2-ის კამპანიის დაწყების დღიდან, საჭირო იყო ტელესკოპს ყოველ სამ თვეში შეეცვალა ხედვის ზონა, რათა ახალი დაკვირვებები დაეწყო.
თავდაპირველ გათვლებზე დაყრდნობით, კეპლერის ჯგუფს სჯეროდა, რომ ჰქონდა 10 კამპანიისთვის საჭირო საწვავი. თუმცა, მისიამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, უკვე დაასრულა 16 კამპანია და ახლა მე-17-ს ახორციელებს.
კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მისიის სისტემის ინჟინერი ჩარლი სობეკი NASA-ს პრესელიზში სპეციალურ განცხადებას აკეთებს:
„ამჟამინდელი შეფასების მიხედვით, კეპლერის საწვავის ავზი რამდენიმე თვეში დაცარიელდება, თუმცა, გაოცებული ვართ იმით, რაც მან აქამდე შეძლო! მიუხედავად იმისა, რომ ფრენის ოპერაციების დასრულებას უახლოეს თვეებში ველოდებით, მზად ვართ, ხომალდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ, რის საშუალებასაც საწვავი მოგვცემს.
„დარჩენილ დროში, კეპლერის გუნდი გეგმავს შეაგროვოს რაც შეიძლება მეტი სამეცნიერო მონაცემი და შემდეგ, ეს ყველაფერი დედამიწაზე გადმოსცეს, სანამ ძრავებზე კონტროლს დავკარგავთ, რადგან მაშინ, უკვე შეუძლებელი იქნება ხომალდის მიერ შეგროვებულ მონაცემთა გადმოცემა. გვაქვს იმის გეგმაც კი, რომ თუ შესაძლებლობა გვექნება, მონაცემთა შეგროვებაში დავხარჯოთ საწვავის უკანასკნელი გრამი“.
იმის გამო, რომ კოსმოსური ხომალდის საწვავის მარაგის ხელახლა შევსება შეუძლებელია, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ საწვავის უკანასკნელი გრამებით ტელესკოპის დედამიწისკენ შემობრუნებას შეძლებენ.
ეს NASA-ს მისიებისთვის ძალზედ ჩვეული პრაქტიკაა. უკანასკნელი მანევრის შესასრულებლად, კოსმოსური სააგენტო თავის ხომალდებს ყოველთვის უტოვებს საწვავს.
მაგალითად, კასინის მისიამ საწვავის უკანასკნელი მარაგი შეინახა სატურნის ატმოსფეროში შეჭრისა და საკუთარი თავის განადგურებისთვის, რათა თავიდან აეცილებინა რგოლებიანი პლანეტის მთვარე ენცელადთან შემთხვევითი შეჯახება და იქ არსებული სიცოცხლისათვის ხელსაყრელი გარემოს დაბინძურება.
სხვა თანამგზავრებთან შეჯახების ან დედამიწაზე ჩამოვარდნის თავიდან ასაცილებლად, ფინალურ მანევრებს რეგულარულად მიმართავენ დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიც.
მართალია, კეპლერის მსგავსი ღრმა კოსმოსური მისიები არ ფლობენ დედამიწაზე ჩამოვარდნის ან მგრძნობიარე გარემოს დაბინძურების საფრთხეს, მაგრამ, როგორც წესი, მათი ფინალური მანევრები გათვლილია იმისათვის, რათა დედამიწაზე გადმოსცენ ყოველი უკანასკნელი ბიტი ინფორმაცია.
შესაბამისად, სანამ მისია სამუდამოდ დასრულდება, ისღა დაგვრჩენია გვქონდეს იმედი, რომ პლანეტაზე მონადირე ხომალდი რაღაც ფინალურ სიურპრიზს შემოგვთავაზებს.
უახლოეს წლებში კოსმოსში გაეშვება შემდეგი თაობის გაცილებით მძლავრი კოსმოსური ტელესკოპები, რომლებიც საქმიანობას იქიდან გააგრძელებენ, სადაც ის კეპლერმა და სხვა წინაპარმა ტელესკოპებმა შეწყვიტეს. მათ შორის არის ტელესკოპი Transiting Exoplanet Survey Satellite (TESS), რომელსაც NASA რამდენიმე კვირაში, 2018 წლის აპრილში გაუშვებს.
გარდა ამისა, 2019 წელს კოსმოსში გაეშვება ჰაბლის მემკვიდრე — ჯეიმს ვების კომსოსური ტელესკოპი, რომელიც ეგზოპლანეტებზე უმძლავრესი ინფრაწითელი ინსტრუმენტებით ინადირებს.
მიუხედავად იმისა, რომ მალე სამუდამოდ დავემშვიდობებით კეპლერის მისიას, მისი მემკვიდრეობა სამარადისოდ დარჩება. სინამდვილეში, ეგზოპლანეტების აღმოჩენის ხანა მხოლოდ ახლა იწყება!
მომზადებულია Universe Today-ის მიხედვით