კენკროვანი კულტურების გაშენების ხელშეწყობის მიზნით მთავრობამ „დანერგე მომავალის“ ახალი ქვეკომპონენტი დაამტკიცა
სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ხეხილის ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს დაემატა ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“, რომელიც ითვალისწინებს ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების დაფინანსების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში. ქვეკომპონენტი ფინანსურ მხარდაჭერას მრავალწლოვანი კენკროვანი კულტურების ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობის ან/და ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალების შეძენისთვის ითვალისწინებს.
„ჩვენ იმ ფერმერების იდენტიფიცირებას მოვახდენთ, რომლებიც მზად არიან, ასეთი კულტურების წარმოების ტექნოლოგიები შეისწავლონ. მათ მომზადებას სახელმწიფო უფასოდ განახორციელებს. ის ფერმერები, რომლებიც გაივლიან მომზადების კურსს, შესაბამის ტესტირებას და მზად იქნებიან პროგრამაში ჩასართავად, სახელმწიფოს მხრიდან სრულ 100 პროცენტიან დაფინანსებას მიიღებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებულია ფერმერებისთვის რეალიზაციაში დახმარებაც“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში,100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალის ღირებულების 100%.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, ფიზიკური პირის დაფინანსების შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა-დან არაუმეტეს 0.5 ჰა-ის ჩათვლით კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის (რომლის საკუთრებაშია მეპაიეების მიერ პაის სახით შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.
სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული სტაციონალური მაცივარკონტეინერი, რომლის ტევადობა, საშუალოდ, 20 ტონაა.
სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ კენკროვანების ქვეკომპონენტი განხორციელდება: იმერეთში – საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონის მუნიციპალიტეტებში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში; გურიაში – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები; რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში; სამეგრელო-ზემო სვანეთში – წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.