პროგრამაში „დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა
პროგრამაში „დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა

სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, პროგრამის ბენეფიციარებს იმპორტირებული ნერგის შეძენა ადგილობრივი კომპანიებისგან შეეძლებათ.

ამასთან, ნერგების იმპორტი განხორციელდება შუამავალი კომპანიის მიერ, რომელიც მოახდენს შეკვეთების კონსოლიდაციას და უცხოური სანერგე კომპანიისგან მინიმალური რაოდენობის ნერგების იმპორტს.

ბენეფიციარებისთვის ნერგების პირდაპირი იმპორტის გზით შეძენა სავალდებულო აღარ არის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბენეფიციარები მრავალწლიანი ბაღების გასაშენებლად ნერგების შეძენას პირდაპირი იმპორტის გზით ვერ ახერხებდნენ, მცირე რაოდენობის პროდუქციის რეალიზაციაზე უცხოური სანერგე მეურნეობები დაინტერესებას არ გამოხატავენ.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ 2015 წლის მარტში დაიწყო.

პროგრამის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 7 799 ჰექტარზეა გაშენებული; სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 43 151 000 ლარს შეადგენს.