კენიაში უკანასკნელი მამრი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა მოკვდა - სახეობა გადაშენების პირასაა
კენიაში უკანასკნელი მამრი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა მოკვდა - სახეობა გადაშენების პირასაა

კენიაში უკანასკნელი მამრი ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა მოკვდა. ამჟამად ცოცხალი რჩება ამ სახეობის მხოლოდ ორი მდედრი ინდივიდი. კონსერვაციონისტებს იმედი აქვთ, რომ სახეობის გადაშენებისგან დაცვას შეძლებენ.

ოლ-პეხეტის საკონსერვაციო პარკის ბინადარი 45 წლის მარტორქა, სახელად სუდანი, მწვავე დაავადების შედეგად 18 მარტს მოკვდა. დარჩა მდედრი შვილი და შვილიშვილი — ნაჯინი და ფატუ.

სახეობის გადარჩენის მიზნით, ევთანაზიის წინ სუდანს მეცნიერებმა გენეტიკური მასალა აუღეს. პარკის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ მოწინავე უჯრედული ტექნოლოგიებისა და ინ-ვიტრო განაყოფიერების შედეგად, ამ სახეობის გადარჩენა მოხერხდება.

აფრიკის კოლონიალიზმის პერიოდში გაჩაღებულმა უკონტროლო ნადირობამ და ბოლო დროს რქებზე გახშირებულმა ბრაკონიერობამ, ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა განადგურების პირას მიიყვანა.

1975 წელს, ორი წლის მარტორქა სუდანში დაიჭირეს და ჩეხეთში, დვურ-კრალოვეს ზოოპარკში წაიყვანეს. სამშობლოს პატივსაცემად დაარქვეს სახელიც.

ზოოპარკში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, 2009 წელს სუდანი კვლავ აფრიკაში დააბრუნეს, ამჯერად კენიაში, ოლ-პეხეტის საკონსერვაციო პარკში.

კონსერვაციონისტები ფიქრობდნენ, რომ ეს ადგილი ძალიან ჰაგვდა მის სამშობლოს და ხელს შეუწყობდა სახეობის აღორძინებას. ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა ძირითადად გავრცელებული იყო უგანდაში, ჩადში, სამხრეთ-დასავლეთ სუდანში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინფორმაციით, 1960 წელს ცოცხლობდა 2000-მდე ინდივიდი.

მარტორქა ხმელეთის მეორე უდიდესი ძუძუმწოვარია სპილოს შემდეგ. თეთრი მარტორქა მოიცავს ორ ქვესახეობას — სამხრეთის თეთრ მარტორქას და ჩრდილოეთის თეთრ მარტორქას. ველურ პირობებში ამჟამად ცოცხალია სამხრეთის მარტორქის 20 000 ინდივიდი.

სუდანი ჩრდილოეთის ქვესახეობის უკანასკნელი მამრი წარმომადგენელი იყო. მისი წინამორბედი მამრი ბუნებრივი სიკვდილით 2014 წელს მოკვდა.

ქვესახეობა განადგურებამდე მიიყვანა 1970-1980-იან წლებში გაჩაღებულმა ბრაკონიერობამ. ამის მიზეზი მის რქაზე გაზრდილი მოთხოვნა იყო, რომელსაც აქტიურად იყენებენ ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში და ხანჯლის ტარის დასამზადებლად იემენში.

ჩრდილოეთის თეთრი მარტორქის უკანასკნელი წარმომადგენლები ველურ გარემოში, 2000-იან წლებში დახოცეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, შეიარაღებული კონფლიქტის მსვლელობისას.

ბუნების მსოფლიო ფონდის ცნობით, ჩრდილოეთის თეთრი მარტორქა ველურ ბუნებაში 2008 წელს გადაშენდა.

მომზადებულია BBC-ისა და npr.org-ის მიხედვით