კელი დეგნანმა შსს-ს აკადემიას ვირტუალური ტირისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა გადასცა [ვიდეო]
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ეწვია.
შსს-ს ცნობით, სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლა. აკადემიაში აშშ-ის პარტნიორობით და მხარდაჭერით გადმოცემული აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურული პროექტების გამოფენა/პრეზენტაცია გაიმართა.
კელი დეგნანმა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს იმიტირებული სასამართლო დარბაზი, კიბერლაბორატორია, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, კრიმინალისტიკური ხელსაწყოები, ტაქტიკური მომზადების ოთახი და სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობა.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, შსს აკადემიის პერსონალს სიტყვით მიმართა, სადაც ყურადღება გაამახვილა სამართალდამცავთა ტაქტიკური მომზადების მნიშვნელობასა და სასწავლო პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის ინტეგრირების შესახებ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – გიორგი ბუთხუზმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
ღონისძიების დასასრულს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შს აკადემიას ვირტუალური ტირისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა (FATS) გადასცა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია, თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.