კელი დეგნანმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) ამერიკისმცოდნეობის მე-13 საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.
როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, საქართველოში აშშ-ის საელჩო და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი წლებია, პარტნიორები არიან, რათა განავითარონ ამერიკისმცოდნეობის პროგრამა საქართველოში.
„ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ინგლისურის სწავლა. სტუდენტები სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, ისინი იკრიბებიან არა მხოლოდ მთელი რეგიონიდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც, მათ შორის ამერიკიდან. ერთად მსჯელობენ და საუბრობენ ისეთ თემებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აშშ-სთვის, ასევე, საქართველოსთვის“, – აღნიშნა ელჩმა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, დოქტორ საფფეთ ბაირაქთუთანის განცხადებით, ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მაღალ დონეს ადასტურებს კურსდამთავრებულთა განათლების მაღალი ხარისხი და ამერიკის საელჩოს მუდმივი თანადგომა უნივერსიტეტის და ამ პროგრამების მიმართ.
როგორც სოციალურ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, თამარ შიოშვილმა აღნიშნა, კონფერენციაზე ოთხი სესია მუშაობდა, რომელზეც განიხილეს პოლიტიკის, ისტორიის, კულტურის, ლიტერატურის, ქალთა უფლებების, განათლების, ხელოვნებისა და ეკონომიკის საკითხები.
„მეცნიერებთან ერთად, სესიებში მონაწილეობენ ჩვენი წარმატებული სტუდენტები. მათ შესაძლებლობა აქვთ, წარადგინონ თავიანთი ნაშრომები და ჩაერთონ დისკუსიებში“, – აღნიშნა თამარ შიოშვილმა.
კონფერენციის გახსნის ღონისძიება თბილისის ბიგ ბენდის კონცერტით დასრულდა.
ამერიკისმცოდნეობის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია IBSU-ს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციაში 36 ქართველი და უცხოელი მკვლევარი მონაწილეობდა. 2022 წლის რიგით მე-13 კონფერენცია აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს მიეძღვნა.