კელი დეგნანი - ველოდები თანამშრომლობის გაგრძელებას ქართველ ხალხთან, პრეზიდენტსა და მთავრობასთან იმ პრიორიტეტის მიხედვით, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის კავშირის გაძლიერებას მოიცავს
ველოდები თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს პრეზიდენტთან, მთავრობასა და ქართველ ხალხთან იმ პრიორიტეტის მიხედვით, რომელიც საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ხელშეწყობასა და საქართველოსა და აშშ-ს შორის კავშირის გაძლიერებას მოიცავს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კელი დეგნანმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს ელჩთან შეხვედრა გამართა და დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ს ელჩმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის საკუთარი საქმიანობის დაწყებას და ძალიან მოხარულია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით.
„გვქონდა ძალიან სასიამოვნო დისკუსია ამ ულამაზეს, განახლებულ შენობაში, რომელიც ერთდროულად იტევს საქართველოს და აშშ-ს ისტორიას. ვისაუბრეთ იმ მრავალ საკითხზე, პროექტსა თუ ინიციატივაზე, რომელზეც ერთად ვმუშაობთ.
რა თქმა უნდა, ველოდები თანამშრომლობის გაგრძელებას პრეზიდენტთან, მთავრობასა და ქართველ ხალხთან იმ პრიორიტეტის მიხედვით, რომელიც საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ხელშეწყობასა და საქართველოსა და აშშ-ს შორის კავშირის გაძლიერებას მოიცავს.
რა თქმა უნდა, რამდენადაც შევძლებთ, უნდა ვებრძოლოთ რუსეთისა და სხვა საშიში მოთამაშეების მცდელობას, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“, – აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.