კელი დეგნანი - ვცდილობთ, დავეხმაროთ მხარეებს, ვიმედოვნებთ, რომ შეძლებენ პოზიციების შეჯერებასა და შეთანხმებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებშია
რიგგარეშე არჩევნების ან ახალი არჩევნების საკითხი მხარეების გადასაწყვეტია, ისევე როგორც ამ მოლაპარაკებათა თითოეული პუნქტი პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია და მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ განაცხადა.
როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ამომრჩეველთა მოსაზრებები.
„სწორედ ამიტომ, ამ პროცესს გარკვეული დრო სჭირდება. 4-5 თვეა, ვცდილობთ, დავეხმაროთ მხარეებს ჩემს ევროკავშირელ კოლეგასთან ერთად, რადგან ვიმედოვნებთ, რომ მხარეები შეძლებენ ურთიერთგაგებას, განსხვავებული პოზიციების შეჯერებას და შეთანხმების მიღწევას, რაც ნამდვილად საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებშია. ეს არის ის, რაც მათ უნდა აკეთონ მრავალპარტიულ პარლამენტში. ეს არის, რაც მათ უნდა აკეთონ, როდესაც საქართველო გაწევრიანდება ნატო-ში ან ევროკავშირში. ეს არის კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციები, რომლებიც კომპრომისს საჭიროებენ და ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში მჯერა, რომ მხარეები მიაღწევენ კომპრომისს და გადადგამენ რთულ ნაბიჯს ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, როგორი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის სტრუქტურა, ეს ქართველი ხალხის არჩევანია.
„მათ გამოხატეს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის სურვილი. ვფიქრობ, გასულ არჩევნებზე ვიხილეთ, რომ ამას მოაქვს უფრო მეტი მრავალფეროვნება პარლამენტში, უზრუნველყოფს უფრო მეტი მოქალაქის ხმას პარლამენტში და უკეთ წარმოადგენს იმ მრავალფეროვნებას, რაც ქვეყანაშია. ვფიქრობ, ეს ძალიან პოზიტიურია და ყველამ ჩათვალა წარმატებად, რომ საპარლამენტო მანდატი მიიღო ცხრა პარტიამ, ასევე უფრო მეტი ქალი იქნა არჩეული პარლამენტის წევრად, ეს არის ძალინ პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, 20 -30 წლის განმავლობაში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და ეს გაგრძელდება.
„ეს დამოკიდებულია საარჩევნო რეფორმაზე, რომელზედაც პარტიის ლიდერები შეთანხმდნენ აქ, ჩემს რეზიდენციაში გასულ წელს გამართულ მოლაპარაკებების პროცესში, შემდეგ პროცესი გაგრძელდა პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მეშვეობით და ახლა მუშაობენ კანონპროექტზე. ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იყო, რომ პარლამენტმა კანონპროექტი გაუგზავნა ეუთო/ოდირს განხილვისთვის. წლების განმავლობაში იყო მრავალი რეკომენდაცია საერთაშორისო პარტნიორებისგან, რაც არ ასახულა რეფორმებში, მართლაც ძალიან კარგია, რომ არის მცდელობა, განხორციელდეს ფუნდამენტური ცვლილებები საქართველოს საარჩევნო სისტემაში. იმედი გვაქვს, ეს აღმოფხვრის იმ ტიპის დარღვევებს, რაც იყო პრობლემა არა მხოლოდ ამ ბოლო არჩევნების დროს, არამედ წინა არჩევნებზეც“, – განაცხადა კელი დეგნანმა.