კელი დეგნანი - ვამაყობთ, რომ საქართველოში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და ინტეგრაციის გაუმჯობესების ნაწილი ვართ
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის (PITA) პროგრამის“ შემაჯამებელი ღონისძიება მიმდინარეობს.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, ღონისძიებას მასპინძლობს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საქართველოს გაერო-ს ასოციაცია.
„მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო მინისტრთან და სახალხო დამცველის მოადგილესთან ერთად, აღვნიშნოთ გაერო-ს ასოციაციის პროექტის, PITA-ს წარმატებული დასასრული, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო ტოლერანტობასა და სამოქალაქო ცნობიერების, ინტეგრაციის პროცესს. მეექვსე წელია, გაერო-ს ასოციაციის მიერ ეს პროექტი ძალიან წარმატებულად ხორციელდება, რათა ხელი შეუწყო მთელი საზოგადოების ინტეგრაციას, განურჩევლად ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა ტიპის იდენტობისა. ყოველთვის, როდესაც საქართველოში ვმოგზაურობდი და ვხვდებოდი „პიტას“ ჯგუფის წევრებს, თითეული მოგზაურობისას ძალიან შთამბეჭდავი იყო, როგორ ხაზგასმით საუბრობდნენ პროექტის მონაწილეები მრავალფეროვნების საკითხებზე საქართველოში. ვწუხვართ, რომ პროექტი დასრულდა, თუმცა მან დიდი წვლილი შეიტანა ინტეგრაციის კუთხით. ვამაყობთ, რომ საქართველოში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და ინტეგრაციის გაუმჯობესების ნაწილი ვართ“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA) არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაერო-ს ასოციაცია (UNAG).
პროგრამა დაიწყო 2015 წლის ივნისში და გრძელდება 2021 წლის 3 ივნისამდე. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებას ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდასაჭერად საქართველოში. კერძოდ, ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებსა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაციის ხელშეწყობასა და დიალოგის დამყარებას; არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე ახალგაზრდული სამოქალაქო ცენტრების ფუნქციონირებას, მათ გაძლიერებას სამოქალაქო ჩართულობისა და მრავალფეროვნების მართვის მიმართულებით;
სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მხარდაჭერის გზით, სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამებზე სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერებას; დისკრიმინაციასთან და სიძულვილის ენასთან ბრძოლას, მედიამონიტორინგსა და ადვოკატირებას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის გასახორციელებლად; ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და ეროვნული დისკუსიის წახალისებას რეგიონალური, ნაციონალური მედიარესურსების გამოყენებით“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.