კელი დეგნანი - ვამაყობთ, რომ აშშ-ის საელჩომ წვლილი შეიტანა იმერეთის რეგიონის საგანძურის აღდგენაში
ვამაყობთ, რომ აშშ-ის საელჩომ წვლილი შეიტანა ამ რეგიონის საგანძურის აღდგენაში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მოქალაქეები ასრულებენ, რათა უზრუნველყონ, რომ ადგილობრივმა მაღალჩინოსნებმა იციან მათი პრობლემებისა და პრიორიტეტების შესახებ და რეაგირებენ ამ პრობლემებსა და პრიორიტეტებზე“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო არჩევნებს და ეკონომიკურ საკითხებს.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე და მზადებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას, რომ ის სამართლიან და თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება, მათ შორის, „კოვიდის“ ვითარების პირობებში. ჩვენ ასევე განვიხილეთ ეკონომიკური შესაძლებლობები და განვითარება, რომელიც ამ სფეროში ხორციელდება, სხვადასხვა პროექტი, რომლებიც მიმდინარეობს და რომლებიც, ვიმედოვნებ, შექმნის მეტ სამუშაო ადგილსა და შესაძლებლობებს ამ რეგიონის მაცხოვრებლებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისი თქმით, აშშ-ის საელჩო ამაყობს იმ წვლილით, რაც იმერეთის რეგიონის საგანძურის აღდგენის კუთხით გაკეთება, ასევე საამაყოა ამერიკული ბიბლიოთეკის გახსნა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამას და ვამაყობთ, რომ აშშ-ის საელჩომ წვლილი შეიტანა ამ რეგიონის საგანძურის აღდგენაში. მე და გუბერნატორმა განვიხილეთ სხვადასხვა კულტურული საგანძური, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. ზოგი მათგანი ახალ მუზეუმში იქნება წარმოდგენილი, რომელიც მალე გაიხსნება. ძალიან ვამაყობთ წვლილით, რომელიც აქ შევიტანეთ ამერიკული კუთხის სახით, ბიბლიოთეკით, რომელიც ქმნის სივრცეს ხალხისთვის, რომელთაც აინტერესებთ მეტი ამერიკის შესახებ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.