კელი დეგნანი უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებაზე - ეს საკითხები არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე, აუცილებელია სამთავრობო არხების გამოყენება, ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს მხოლოდ რუსეთი
მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
„ეს არის სერიოზული განცხადებები, ბრალდებები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვევა და ეს უნდა მოხდეს სამთავრობო არხების მეშვეობით საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის. ეს არის მართებული გზა ასეთი საკითხების გამოსაძიებლად. საქართველოს მთავრობამ განცხადა, რომ არ მისცემს საშუალებას, საქართველო იყოს გამოყენებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ცხადია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხშირად მესმის ხოლმე, რომ ამბობენ – არავის შეუძლია ამ სასტიკი ომის შეჩერება. რა თქმა უნდა, ბატონმა პუტინმა წამოიწყო ეს ომი და მას შეუძლია მისი შეჩერება დღესვე. მას შეუძლია, შეაჩეროს სასტიკი და არაცივილიზებული თავდასხმა მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოეზე. სანქციები არსებობს, რათა მოხდეს მასზე ზეწოლა და ეს უნდა იყოს თანმიმდევრული, ერთიანი, მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რათა ეს ზეწოლა განხორციელდეს. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
აშშ-ის ელჩს კითხვა დაუსვეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე, ასევე – უნდა წარმოადგინოს თუ არა უკრაინამ მტკიცებულებები ასეთი ტიპის ბრალდებებზე და იყო თუ არა უკრაინული დაზვერვის ინფორმაცია განხილული ამერიკულ და ბრიტანულ სადაზვერვო სამსახურებთან. კელი დეგნანის თქმით, აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნას სამთავრობო არხებით და არა მედიის წინაშე.
„ეს ნამდვილად ძალიან სერიოზული საკითხებია, რომლებიც არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე. ამისთვის აუცილებელია, მოხდეს მნიშვნელოვანი სამთავრობო არხების გამოყენება, რაც არსებობს. ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს მხოლოდ რუსეთი. მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გუშინ აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოსგან ელოდება მტკიცებულებებს, რომ არ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.