კელი დეგნანი - საქართველო დგას დასავლეთთან ერთად საერთაშორისო ფორუმებზე, დგას უკრაინის გვერდით ჰუმანიტარული დახმარებით, ეს ძალიან დასაფასებელია, ყველა ქვეყანა აკეთებს იმას, რაც შეუძლია
საქართველო დგას დასავლეთთან ერთად საერთაშორისო ფორუმებზე, დგას უკრაინის გვერდით ჰუმანიტარული დახმარების გაწევით და ეს ძალიან დასაფასებელია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ქვეყანა აკეთებს იმას, რაც შეუძლია, რათა უკრაინელების საჭიროებებს უპასუხოს.
„ჩემმა ქვეყანამ და სხვა ქვეყნებმაც, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, ვთხოვეთ ყველას, შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ უკრაინას სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. საოცრად დასაფასებელია ქართველი ხალხის პასუხი, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას, უპასუხოს უკრაინელი ხალხის საჭიროებებს უკრაინაშიც და აქაც, საქართველოშიც.
საქართველოს მთავრობამ უპასუხა ინდუსტრიული გენერატორების გაგზავნით იმ დროს, როცა ეს უკრაინელებს ძალიან სჭირდებოდათ, უპასუხა გუშინაც კი, გაერო-ს უშიშროების საბჭოზე რეზოლუციის კენჭისყრისას, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები უკრაინიდან და შეწყვიტოს ბრძოლა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. საქართველო დგას დასავლეთთან ერთად საერთაშორისო ფორუმებზე, დგას უკრაინის გვერდით ჰუმანიტარული დახმარების გაწევით და ეს ძალიან დასაფასებელია. ყველა ქვეყანა აკეთებს იმას, რაც შეუძლია, რომ ასეთ დროს უკრაინელების საჭიროებებს უპასუხოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.