კელი დეგნანი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ფუნდამენტური ნამდვილი დემოკრატიისთვის, ამ პროცესს ყურადღებით ვადევნებთ თვალს
ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს, მონაწილეობა მივიღო, როგორც საარჩევნო დამკვირვებელმა. მოვინახულე რამდენიმე საარჩევნო უბანი მარნეულში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ფუნდამენტური ნამდვილი დემოკრატიისთვის. ამასთან, კელი დეგნანი ამბობს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, საელჩოს ასზე მეტი თანამშრომელი აკვირდება დღეს არჩევნებს.
„აქ ვიყავი გასულ იქტომბერსაც და კარგია, რომ დავბრუნდი და ვხედავ ამომრჩევლებს. ამინდის მიუხედავად, ადამიანები სამოქალაქო პასუხისმგებლობას სერიოზულად მიუდგნენ. ეს არის გზა, თუ როგორ გამოხატავენ ისინი თავიანთ პრიორიტეტებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არის ფუნდამენტური ნამდვილი დემოკრატიისთვის. ჩვენ საელჩოს ჰყავს 47 ჯგუფი მთელ საქართველოში, 100-ზე მეტი ჩვენი თანამშრომელი მონაწილეობს, როგორც დამკვირვებელი. ასევე გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამჟამად საელჩოში და თვალს ადევნებენ მედიას, კონსულტაციებს მართავენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებთან. ასე რომ, ჩვენ ამ პროცესს ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებს თვალს პროცესს. ჩვენ ბევრ კითხვას ვიღებთ ჩემი კოლეგებისგან ვაშინგტონიდან, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, თეთრი სახლიდან, კონგრესიდან. ისინი ამ პროცესს ასევე ყურადღებით აკვირდებიან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.